აშშ-ვენესუელა

კარიბის ზღვაში დაკავებულ გემზე ქართველების ყოფნაზე ცნობა არ შემოსულა - საგარეო

ამერიკული ავიამზიდი USS Gerald R. Ford

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ამ დრომდე უწყებაში არ შემოსულა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით. 

უწყებაში ამბობენ, რომ "2026 წლის 15 იანვარს აშშ-ს მიერ კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის ვერონიკას ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად საქართველოს საელჩო აშშ-ში ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს."

გემზე ქართველი მეზღვაურების ყოფნის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ გაავრცელა. მედიის ცნობით, მათ მეზღვაურების ოჯახის წევრებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ვერონიკას ეკიპაჟს შორის, 5 ქართველი მეზღვაური იყო. 

ცნობისთვის, აშშ-ს სამხრეთ სარდლობამ, 15 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-მ კარიბის ზღვაში კიდევ ერთი ნავთობტანკერი ვერონიკა დააკავა.

სამხრეთ სარდლობა X-ზე წერს, რომ დაკავების ოპერაცია ავიამზიდ USS Gerald R. Ford-დან ინციდენტების გარეშე ჩატარდა.

"ვერონიკა უახლესი ტანკერია, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მიერ კარიბის ზღვაში სანქცირებული ხომალდებისთვის დაწესებული ბლოკადის წინააღმდეგ მოქმედებდა. [...] ვენესუელად მხოლოდ სათანადოდ და კანონიერად კოორდინირებული ნავთობი დატოვებს" - ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები