28 თებერვალსა და 1-ელ მარტს Tbilisi Open Air გუდაურში, ახალ ფესტივალს Tbilisi Open Air: Winter Edition-ს გამართავს. ღონისძიებაზე მსმენელების წინაშე ცნობილი ირლანდიელი ჰიპ-ჰოპ არტისტი Rejjie Snow წარდგება - მის გარდა, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მუსიკოსები და ჯგუფები: Bedford Falls, სტეფანე, მწვანე ოთახი, Mechanical Rainbow და სხვები. ასევე, ბრიტანელი დიჯეი Harrison BDP.
ფესტივალი დღისა და ღამის მიხედვით გადანაწილებული იქნება როგორც ღია, ასევე შიდა სივრცეებში. 28 თებერვალს ღონისძიებები სასტუმრო მარკო პოლოს ღია და დახურულ სივრცეებში გაიმართება, 1-ელ მარტს კი მთაზე და Khada Hut 'Khijina'-ს გარე სივრცეში.
მუსიკალური ნაწილის გარდა, მეორე საფესტივალო დღეს სამოყვარულო სათხილამურო შეჯიბრი TOA Ski Challenge ჩატარდება, რომელშიც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ. მასში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლება.
"გაიყიდება მხოლოდ პირველი დღის, 28 თებერვლის ბილეთები, 1 მარტის საფესტივალო დღეზე დასწრება კი ყველასთვის თავისუფალია". - წერია Tbilisi Open Air-ის განცხადებაში.
ორგანიზატორების განცხადებით, Winter Edition, ისევე როგორც ზაფხულის Tbilisi Open Air, ყოველწლიური იქნება. წლევანდელი ფესტივალის ბილეთების შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი.





