მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air-ის გამო, 4 ივლისის 10:00 საათიდან 6 ივლისის 01:00 საათამდე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"ე.წ. ლისის წრის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძისა და ტოგო გუდავას ქუჩების კვეთიდან ლისის ტბის მიმართულებით ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ წრიდან იოსებ კეჭაყმაძის ქუჩის მიმართულებით. ასევე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება კეჭაყმაძის ქუჩიდან თხინვალასა და ავთო ვარაზის ქუჩის გავლით, ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩების მიმართულებით. ჟღენტისა და დათუაშვილის ქუჩებიდან კი ავტომობილები არსებული მარშრუტით შეძლებენ ყველა შესაძლო მიმართულებით მოძრაობას". - წერია მერიის განცხადებაში.
მერიის ცნობით, შეზღუდვები ნაწილობრივ შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც.
"ავტობუსები N102 და N363 ავთო ვარაზის ქუჩიდან თხინვალას მიმართულებით იმოძრავებენ დადგენილი სქემით, ხოლო უკუმიმართულებისას, ვარაზის ქუჩას დაუკავშირდებიან თხინვალას ქუჩის საშუალებით, კეჭაყმაძისა და ლეო კვაჭაძის ქუჩების ნაცვლად. ამის შემდეგ, აღნიშნული ავტობუსები დადგენილი სქემით გადაადგილდებიან.
N329 ავტობუსი კი კვაჭაძის ქუჩიდან თხინვალას მიმართულებით დადგენილი სქემით ივლის, ხოლო უკუმიმართულებისას თხინვალას ქუჩით დაუკავშირდება ავთო ვარაზის ქუჩას. შემდგომ გააგრძელებს მოძრაობას დათუაშვილისა და ამაშუკელის ქუჩებზე, რის შემდეგაც ბერიტაშვილის ქუჩის გადაკვეთიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით". - წერს თბილისის მერია.
მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2026 ტრადიციულ ლოკაციაზე, Lisi Wonderland-ში 4 და 5 ივლისს გაიმართება.




