ირანი

ჰაკერებმა ირანული არხების ეთერში ფეჰლევის მიმართვა და პროტესტისკენ მოწოდებები გაუშვეს (VIDEO)

18 იანვრის საღამოს ჰაკერებმა ირანის სამთავრობო მაუწყებლის, ირანის ისლამური რესპუბლიკის მაუწყებლობის (IRIB) ზოგიერთი ტელეარხის ეთერში აქციების კადრები, პროტესტის გაგრძელებისკენ მოწოდებები, მსოფლიო ლიდერების მხრიდან დემონსტრაციების მხარდამჭერი განცხადებები და ოპოზიციური ფიგურის, პრინც რეზა ფეჰლევის მიმართვა გაუშვეს. 

ამის შესახებ ინფორმაციასა და კადრებს ფეჰლევის პრესსამსახური ავრცელებს. ამასთან, ირანულ მედიაში გავრცელდა ირანში მცხოვრებთა მიერ გადაღებული კადრებიც

ვებგვერდი Iran International-ის მიხედვით, ფეჰლევი აქციის მონაწილეებს პროტესტის გაგრძელებისკენ, ხოლო ირანის რეჟიმის უსაფრთხოების ძალებს აქციის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებდა. 

ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის, KAN News-ის ცნობით, ირანის სახელმწიფო ტელეარხების ეთერში ჩანაწერი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გადიოდა. 

ამჟამად ირანში აქციების ფონზე ინტერნეტზე წვდომა შეზღუდულია.

ცნობისთვის, ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე ორი კვირაა გრძელდება.

გამოცემა New York Times-ის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, აქციების ტალღამ ქვეყნის 31-ვე პროვინცია მოიცვა და ამ დრომდე დემონსტრაციები ირანის 585 ქალაქში შენიშნეს. 

ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი და, გავრცელებული ცნობებით, მიმდინარეობს Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის ჩახშობაც. 

ირანის მოსახლეობა რეჟიმის წინააღმდეგია, თუმცა ზუსტი გეგმა არ ჩანს – გიორგი სანიკიძის მოსაზრება

ამ ფონზე, 12 იანვარს ირანიდან დევნილმა ტახტის მემკვიდრემ და ოპოზიციურმა ფიგურამ, პრინცმა რეზა ფეჰლევიმ ირანელი დემონსტრანტებისადმი სიტყვით მიმართვისას ანტისამთავრობო "ეროვნული აჯანყების ახალი ეტაპი" გამოაცხადა და მოსახლეობას აცნობა, რომ "გლობალური დახმარება" მალე გამოჩნდება. 

კომენტარები