ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ 14 იანვარს განაცხადა, რომ ირანში ანტისამთავრობო აქციების დროს დაკავებული დემონსტრანტების ჩამოხრჩობა "არ იგეგმება."
კითხვაზე, აპირებს თუ არა რეჟიმი დემონსტრანტების ჩამოხრჩობას, არაღჩიმ უპასუხა, რომ "ამის შესახებ არ სმენია" და დაამატა, რომ "დღეს ან ხვალ ჩამოხრჩობის გეგმები არ არსებობს."
"შემიძლია გითხრათ, ამაში დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ არსებობს ჩამოხრჩობის გეგმები," თქვა არაღჩიმ Fox News-თან ინტერვიუში და დაამატა, რომ "ჩამოხრჩობა გამორიცხულია."
13 იანვარს CBS News-თან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ძალიან მტკიცე ქმედებებით" დაიმუქრა, თუკი ირანი დემონსტრანტების ჩამოხრჩობას დაიწყებდა. "თუ მათ ჩამოახრჩობენ, თქვენ გარკვეულ ქმედებებს დაინახავთ," ამბობდა ტრამპი.
მას შემდეგ, 15 იანვარს, პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ როგორც მას შეატყობინეს, ირანში მკვლელობები შეწყდა და რომ დემონსტრანტების სიკვდილით დასჯა "არ იგეგმება".
"ჩვენ საკმაოდ მტკიცედ შეგვატყობინეს - და გავიგებთ, თუ რას ნიშნავს ეს ყოველივე - მაგრამ ჩვენ გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები წყდება, შეწყდა... არ იგეგმება სიკვდილით დასჯა. ეს სანდო წყარომ მითხრა, ამის შესახებ შევიტყობთ." - განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში შეკრებილ რეპორტიორებს.
ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო.
გამოცემა New York Times-ის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, აქციების ტალღამ ქვეყნის 31-ვე პროვინცია მოიცვა და ამ დრომდე დემონსტრაციები ირანის 585 ქალაქში შენიშნეს.
პარალალურად, ამერიკულმა ტელემაუწყებელმა, CBS News-მა ირანის შიგნითა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანში ხამენეის რეჟიმის მხრიდან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის შედეგად 12 000-ზე მეტი ადამიანია მოკლული.
ამ ფონზე, 12 იანვარს ირანიდან დევნილმა ტახტის მემკვიდრემ და ოპოზიციურმა ფიგურამ, პრინცმა რეზა ფეჰლევიმ ირანელი დემონსტრანტებისადმი სიტყვით მიმართვისას ანტისამთავრობო "ეროვნული აჯანყების ახალი ეტაპი" გამოაცხადა და მოსახლეობას აცნობა, რომ "გლობალური დახმარება" მალე გამოჩნდება.
ხოლო 13 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანელ ხალხს მიმართა და მათ საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა. დემონსტრამტებს ტრამპმა ასევე აცნობა, რომ "დახმარება გზაშია."
"ირანელო პატრიოტებო - გააგრძელეთ გაპროტესტება, აიღეთ თქვენი ინსტიტუციები დაიმახსოვრეთ მკვლელების და მოძალადეების სახელები - ისინი დიდ საზღაურს გადაიღდიან. ირანელებთან ყველა შეხვედრას ვაუქმებ იქამდე, სანამ დემონსტრანტების უმოწყალო მკვლელობები არ შეწყდება. დახმარება გზაშია." - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.





