აშშ-ვენესუელა

დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე მადურომ კარაკასში ჩინეთის დელეგაციას უმასპინძლა

Anadolu Agency via Reuters

აშშ-ს მიერ დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ნიკოლას მადურომ კარაკასში ჩინეთის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

2 იანვარს მადურო მირაფლორესის სასახლეში ლათინური ამერიკის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს, ციოუ სიაოცის შეხვდა. დელეგაციასთან შეხვედრაზე მადურომ ჩინეთთან სტრატეგიული კავშირი კიდევ ერთხელ დაადასტურა და პირობა დადო, რომ წვლილს შეიტანდა "განვითარებისა და მშვიდობის მულტიპოლარული მსოფლიოს" შექმნაში.

ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეცოპერაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც აშშ-ს ძალებმა ნიკოლას მადურო და მისი ცოლი, სილია ფლორესი, დააკავეს.

Fox-ის კითხვაზე, რომელიც დაკავებამდე მადუროსა და ჩინეთის დელეგაციას შორის შეხვედრას ეხებოდა, ტრამპმა უპასუხა, რომ "ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს სისთან და პრობლემა არ იქნება. ისინი ნავთობს მიიღებენ".

ცნობისთვის, კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დააკავეს

ამჟამად მადურო ხომალდ USS Iwo Jima-ზე იმყოფება, რომელიც ნიუ-იორკისკენ მიემართება. პრესკონფერენციაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ ის ამერიკაში ნარკოტერორიზმთან დაკავშირებით ბრალდებების გამო სასამართლოს წინაშე წარსდგება.

კომენტარები