ტრამპის საგარეო პოლიტიკა

Reuters: თეთრმა სახლმა აშშ-ს არმიას ვენესუელური ნავთობის იზოლირებაზე ფოკუსირება უბრძანა

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო (მარცხნივ) და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ს სამხედრო ძალებს უბრძანა, რომ, სულ მცირე, მომდევნო ორი თვის განმავლობაში თითქმის ექსკლუზიური ყურადღება ვენესუელური ნავთობის იზოლირებას დაუთმონ. 

Reuters-ის მიხედვით, ამით მაღალჩინოსანმა მიანიშნა, რომ აშშ ამ ეტაპზე უფრო მეტად დაინტერესებულია, რომ მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო გზის ნაცვლად ეკონომიკური საშუალებები გამოიყენოს.

"მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ვარიანტები კვლავ არსებობს, ფოკუსი პირველ რიგში ეკონომიკური წნეხის გამოყენებაზეა სანქციების აღსრულებით, რათა მიღწეული იყოს შედეგი, რომელიც თეთრ სახლს სურს," აღნიშნა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა 24 დეკემბერს.

Reuters-მა აქამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა პირად საუბრებში მადუროს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა, ხოლო 22 დეკემბერს ტრამპმა თქვა, რომ ჭკვიანური იქნებოდა, თუ მადურო ხელისუფლებას დატოვებდა.

20 დეკემბერს აშშ-მ ვენესუელის სანაპიროს სიახლოვეს, საერთაშორისო წყლებში, ტრამპის განცხადების შემდეგ მეორე სანქცირებული ტანკერი დააკავა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელიდან გამავალ და შემავალ ყველა სანქცირებულ ნავთობტანკერზე ბლოკადა გამოაცხადა.

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, სუპერტანკერ Centuries-ზე, რომელიც პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 2 მილიონი ბარელი ვენესუელური ნედლი ნავთობი იყო. წყაროების მიხედვით, იურიდიულად ხომალდზე არსებული ნავთობი ჩინურ კომპანიას ეკუთვნის. 

ტანკერის დაკავება აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, კრისტი ნოემმა X-ზე დაადასტურა, რომ აშშ-ს სანაპირო დაცვამ, ომის დეპარტამენტის მხარდაჭერით, ნავთობტანკერი დააკავა, "რომლის ბოლო გაჩერებაც ვენესუელა იყო".

მას შემდეგ Reuters-მა წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ სანქცირებული ნავთობის გადამზიდ მესამე ტანკერსაც აედევნა და მის დაკავებას აპირებს.


ვენესუელის სანაპიროსთან აშშ-მ თავდაპირველად ნავთობტანკერი, სახელად Skipper, 10 დეკემბერს დააკავა, რის გამოც მადუროს რეჟიმმა აშშ "ცალსახა ქურდობაში" დაადანაშაულა და ტანკერის დაკავებას "საერთაშორისო მეკობრეობის აქტი" უწოდა. 

Reuters-ის ცნობით, Skipper-ის დაკავებამ ვენესუელის ნავთობის საერთაშორისო გადაზიდვები საფრთხის ქვეშ დააყენა და რამდენიმე გადამზიდი კომპანია უკვე აიძულა, დაგეგმილი რეისები დროებით შეეჩერებინათ. მათ შორის გაჩერდა აზიისკენ მიმავალი სამი ახლად დატვირთული ტანკერიც. 

წყაროები Reuters-ს ეუბნებიან, რომ ტანკერი Skipper-ის დაკავებისა და შემდეგ სხვა ტანკერების შეჩერების შედეგად ვენესუელამ უკვე საექსპორტო ნავთობის 6 მილიონი ბარელის დროულად გაყიდვა ვერ შეძლო.

ამასთან, Skipper-ის დაკავების შემდეგ Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელური ნავთობის გადამტანი სხვა ტანკერების დაკავებასაც აპირებდა.

16 დეკემბერს ტრამპმა დაწერა, რომ "ვენესუელიდან გამომავალ და შემავალ ყველა სანქცირებულ ნავთობტანკერზე ტოტალური და სრული ბლოკადის" ბრძანება გასცა, რისი მიზანიც მადუროს რეჟიმისთვის მთავარი შემოსავლის წყაროს გადაჭრაა.

პარალელურად, 11 დეკემბერს აშშ-მ ვენესუელის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც შეზღუდვები დაუწესდა ნიკოლას მადუროს ცოლის სამ დისშვილს და ასევე მათთან დაკავშირებულ ექვს ნავთობტანკერსა და გადაზიდვის კომპანიებს.

ბოლო თვეებში ტრამპმა მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ წნეხი გაზარდა და, გავრცელებული ინფორმაციით, მას გადადგომისკენაც მოუწოდა. ამავდროულად, აშშ-ს კარიბის ზღვაში უჩვეულოდ დიდი რაოდენობის სამხედრო-საზღვაო ძალები ჰყავს მობილიზებული და ბოლო პერიოდში, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პენტაგონმა ნარკოტრეფიკინგში ჩართულ ნავებზე იერიშების მიტანაც დაიწყო. 

მადუროზე წნეხის გაძლიერების ფარგლებში ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის მთავრობა უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციადაც გამოაცხადა და რეჟიმი ნარკოტრეფიკინგში ჩართულობაში დაადანაშაულა.

კომენტარები