იესო ქრისტეს შობა იწყება მშვიდობის სიჩუმით - იმ სიჩუმით, რომელშიც ყოველგვარი ამქვეყნიური ძალაუფლება კარგავს თავის გავლენას. ღმერთი არ მოდის იმგვარად, როგორც მას ადამიანები ელიან - შიშისმომგვრელად, დიდებითა და ძალაუფლებით შემოსილი, ის იბადება ბაგაში - იმ ადგილას, სადაც არაფერია განსაკუთრებული, გარდა იმისა, რომ იქ არის განსაკუთრებული ჩვილი - განკაცებული ღმერთი.
შობის საიდუმლოს მეშვეობით ღმერთი ეუბნება საკუთარ სათქმელს ყველას, ვისაც ჰგონია, რომ ძალაუფლებას და დიდებას მოაქვს მშვიდობა და ბედნიერება. იესოს შობა ბაგაში სრულიად თავდაყირა აყენებს ამ აზრს.
სახარება გვახსენებს, რომ ქრისტეს დაბადება თავიდანვე აღძრავს შფოთს ძალაუფლების მქონეთა შორის: "ეს რომ გაიგო, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად" (მათე 2, 3).
იესო ქრისტეში გაცხადებული ღმერთის მოსვლა არასოდეს არის უწყინარი მათთვის, ვინც შიშზე დაფუძნებული ძალით მართავს ადამიანებს. ღმერთის მოსვლა დიდი ტრაგედიაა მათთვის, ვისთვისაც ღირსება ძალაუფლების ტახტს უკავშირდება და არა სრულიად უბრალო, ბაგიდან გაცხადებულ ჭეშმარიტებას, რადგანაც სადაც სიმართლე და ჭეშმარიტება იბადება, იქ ძალადობით დამყარებული წესრიგიც ირღვევა.
იქ, სადაც წესრიგი დუმილზე შენდება, სადაც მშვიდობა შიშით მიიღწევა, სადაც ადამიანს ასწავლიან, რომ სიჩუმე გონივრული არჩევანია - იესოს შობა ძალიან უხერხულ და მამხილებელ მოვლენად წარმოჩნდება.
იესო ქრისტე იბადება იმისთვის, რომ ადამიანს დაუბრუნოს სახელი და ღირსება. შობის ღმერთი არ ითხოვს მორჩილებას, ის მოგვიწოდებს ჭეშმარიტების შეცნობისკენ. პავლე მოციქული გვამცნობს, რომ იესო ქრისტე საკუთარი შობით გვიხსნის მონობის ტვირთისგან: "მონა კი აღარა ხარ, არამედ ძე" (გალ. 4,7).
წმიდა წერილის ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია - როგორ საზოგადოებაში გვიწევს ცხოვრება, როგორ ქვეყანას ვაშენებთ და რის ფასად? ვართ ტყუილზე დაფუძნებულ მშვიდობაში მყოფი შეშინებული მონები, თუ ღმერთის ჭეშმარიტი მშვიდობის თავისუფალი შვილები?
ის, ვინც შობას ზეიმობს, მაგრამ სიმართლეს ვერ უსწორებს თვალს, ის ვინც იესოს ბაგას და ამქვეყნიური ძალაუფლების ტახტს ერთდროულად ეთაყვანება, მისთვის ეს დიდდღესასწაული არა მშვიდობისა და ხსნის მომტანი, არამედ ჰეროდესავით შემაძრწუნებელი იქნება.
იესო ქრისტეს შობა იწყება სიჩუმით, მაგრამ გრძელდება წუთისოფლისათვის ჭეშმარიტების გაცხადებით, რომელიც ათავისუფლებს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს: არავის შეუძლია ორი ბატონის მონობა (ლკ. 16, 13), ამიტომაც ჩვენი სახე უნდა იყოს მიმართული იმ თავისუფლებისაკენ, რომელიც შეიძლება რთულად მისაღწევი, მაგრამ გაცილებით ტკბილი იყოს, ვიდრე მარტივად მიღწეული მონობა.
ქრისტე იშვა! გილოცავთ ყველას!
+ ლეონი
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია




