აშშ-ს საზღვაო ძალები

ტრამპის კლასის საბრძოლო ხომალდები – ტრამპის თქმით, ახალი კლასის სახაზო ხომალდებს შექმნიან

დონალდ ტრამპი ახალი საბრძოლო გემების ვიზუალთან
Alex Brandon/AP

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ში ახალ, "ტრამპის კლასის" საბრძოლო, სახაზო ხომალდებს შექმნიან.

მისი თქმით, ახალი გემების შენება პროექტ "ოქროს ფლოტის" ნაწილია და ის ამერიკის საზღვაო ძალების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ტრამპმა ინიციატივა მარ-ა-ლაგოში, თავდაცვისა და სახელმწიფო მდივნების თანდასწრებით წარადგინა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ პროექტი ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებებს სრულად პასუხობს და ის აშშ-ს საზღვაო უპირატესობის აღდგენას ემსახურება.

"ახალი ხომალდები იქნება ყველაზე სწრაფი, ყველაზე დიდი და ასჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე აშენებული ნებისმიერი საბრძოლო გემი,"- თქვა ტრამპმა.

გავრცელებული კონცეპტუალური ვიზუალის მიხედვით, გემები აღჭურვილი იქნება სარაკეტო სისტემებითა და ლაზერული იარაღით, ხოლო დიზაინში პოლიტიკური სიმბოლიკაც იქნება გამოყენებული.

საზღვაო ძალების ოფიციალური პირის თქმით, გემის დიზაინის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და მისი მშენებლობა 2030-იანი წლების დასაწყისშია დაგეგმილი. ტრამპმა აღნიშნა, რომ ახალი საბრძოლო გემის დიზაინის შექმნაში თავადაც მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები