არასრულწლოვანზე ფიზიკური ძალადობა

ხატია ვიბლიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 1.5 წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა

არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებული მკლავჭიდელი ხატია ვიბლიანი მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პირობითი სასჯელის სახით მიუსაჯა.

ვიბლიანს შეეზღუდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება და დაეკისრა სავალდებულო კურსის გავლა ქცევის კორექციის მიმართულებით პრობაციის ეროვნულ ბიუროში.

გამოძიების თანახმად, 11 სექტემბერს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა, ხატია ვიბლიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.

ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. თვითმხილველი წერდა, რომ ვიბლიანის მიერ 14 წლის მოზარდზე ძალადობას მისი მცირეწლოვანი შვილიც ესწრებოდა.

მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ბრალდება 16 სექტემბერს წარუდგინა.

ვიბლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას, თქვა რომ არ ემხრობა ძალადობას, ასევე დასძინა, რომ არ იცოდა, დაზარალებული არასრულწლოვანი იყო და ეს იმის შემდეგ გაიგო, რაც მასზე "ბულინგი წავიდა".

14 წლის მოზარდზე ძალადობაში ბრალდებულ მკლავჭიდელს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

ნეტგაზეთის მიერ გავრცელებულ წერილში არასრულწლოვანის ოჯახი ვიბლიანის პატიმრობას მოითხოვდა.

13 ოქტომბერს სოციალურ ქსელში მაღაზია 2 ნაბიჯის კამერის ჩანაწერები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებული მკლავჭიდელი მოზარდზე მაღაზიაშიც ფიზიკურად ძალადობს.

კომენტარები