არასრულწლოვანზე ფიზიკური ძალადობა

ჯერ მაღაზიაში, შემდეგ გარეთ მოზარდზე ფიზიკურად იძალადა – ხატია ვიბლიანს ბრალი წარედგინა

მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, ვიბლიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

უწყებას განცხადებაში არ დაუკონკრეტებია, რომელი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს.

შემთხვევა 11 სექტემბერს მოხდა. გამოძიების მიხედვით, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.

ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. თვითმხილველი წერდა, რომ ვიბლიანის მიერ 14 წლის მოზარდზე ძალადობას მისი მცირეწლოვანი შვილიც ესწრებოდა.  

კომენტარები