არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებული მკლავჭიდელი ხატია ვიბლიანის თქმით, არ იცოდა, რომ დაზარალებული არასრულწლოვანი იყო და ეს იმის შემდეგ გაიგო, რაც მასზე "ბულინგი წავიდა".
ვიბლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე თქვა, რომ ძალადობას არ ემხრობა, "უბრალოდ ყველამ უნდა ვიცოდეთ მოქცევის წესები".
"რა თქმა უნდა, არ ვიცოდი [რომ არასრულწლოვანი იყო], როცა ჩემი ბულინგი წავიდა, მერე გავიგე... მე გიჟი არ ვარ... მე ვარ თავმოყვარე ქალი და ვარ მშობელი, დედა, მეტს არ ვიტყვი არაფერს ამ ეტაპზე. გამოძიების დაწყების შემდეგ, აუცილებლად ვისაუბრებ ამაზე.
ძალადობას არ ვემხრობი, უბრალოდ ყველამ უნდა ვიცოდეთ მოქცევის წესები.
ამას [ძალადობას] ვაღიარებ, მაგრამ ჩემს ადგილას თავმოყვარე მშობელი რაღაცას გააკეთებდა, როცა თავს ესხმიან.
მე ვარ თავმოყვარე ქალი და ვარ დედა, მეტს არ ვიტყვი არაფერს ამ ეტაპზე". - თქვა ვიბლიანმა.
გამოძიების თანახმად, 11 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა, ხატია ვიბლიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.
ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. თვითმხილველი წერდა, რომ ვიბლიანის მიერ 14 წლის მოზარდზე ძალადობას მისი მცირეწლოვანი შვილიც ესწრებოდა.
მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ბრალდება 16 სექტემბერს წარუდგინა.
უწყების ცნობით, ვიბლიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





