რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

UK-ს დაზვერვის უფროსი: რუსეთზე წნეხი, რომელსაც უკრაინის გამო ვახდენთ, შენარჩუნდება

გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის (SIS) ხელმძღვანელი, ბლეიზ მეტრეველი
Kirsty Wigglesworth/ Getty Images

გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის (SIS) ხელმძღვანელი, ბლეიზ მეტრეველი, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველად სიტყვით გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეზე, რასაც "აგრესიული, ექსპანსიონისტური და რევიზიონისტული" რუსეთი წარმოადგენს.

მეტრეველის თქმით, "ჩვენ ყველანი განვაგრძობთ აგრესიული, ექსპანსიონისტური და რევიზიონისტული რუსეთის საფრთხის წინაშე ყოფნას, რომელიც უკრაინის დამორჩილებასა და NATO-ს შევიწროებას ცდილობს."

"შემზარავად მიმაჩნია, რომ ასობით ათასი დაიღუპა, დაღუპულთა რიცხვის ყოველდღე ზრდასთან ერთად, პუტინის მხრიდან ისტორიის დამახინჯებისა და პატივისცემის კომპრომეტირებული სურვილის გამო. ის მოლაპარაკებებს აჭიანურებს და ომის ხარჯები თავის მოსახლეობაზე გადააქვს. თუმცა, პუტინს ეჭვიც არ უნდა შეეპაროს, ჩვენი მხარდაჭერა მტკიცეა. წნეხი, რომელსაც ჩვენ უკრაინის გამო ვახდენთ, შენარჩუნდება, რადგან ეს ფუნდამენტურია არა მხოლოდ ევროპის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის, არამედ გლობალური სტაბილურობისთვისაც." - დაამატა მან.

სიტყვით გამოსვლისას მეტრეველმა ასევე რუსეთის მხრიდან დასავლური ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებაზეც ისაუბრა და კრემლი "ქაოსის ექსპორტიორად" დაახასიათა. 

"გამომფიტავი ომის პარალელურად, რუსეთი რუხ ზონაში გვცდის ისეთი ტაქტიკებით, რომლებიც თითქმის ომის ზღვარზეა. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს მათი მხრიდან ბულინგის, დაშინებისა და მანიპულაციის მცდელობები, რადგან ეს ყველა ჩვენგანს ეხება.

ვგულისხმობ: კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმებს; აეროპორტებისა და ბაზების თავზე დრონების ფრენას; აგრესიულ ქმედებებს ჩვენს ზღვებში, ზედაპირის ზემოთ და ქვემოთ; სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ხანძრებსა და დივერსიას; პროპაგანდისა და გავლენის მოხდენის ოპერაციებს, რაც ბზარებს აჩენს საზოგადოებაში და ახდენს არსებული განხეთქილებების ექსპლუატაციას." - განმარტა ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელმა.

მეტრეველის თქმით, რუსული საფრთხის პრობლემა მანამ იარსებებს, სანამ პუტინს გათვლების შეცვლა იძულებით არ მოუწევს.

"საერთაშორისო ჩართულობის მხრივ რუსეთის მიდგომაში ქაოსის ექსპორტი თვისებაა და არა - ნაკლი; და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს მანამ გაგრძელდება, სანამ პუტინი იძულებული არ იქნება, თავისი გათვლები შეცვალოს." - აღნიშნა მან.

კომენტარები