ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სფეროში მოქმედი კომპანიები, რომლებსაც ჯარიმებს დათქმით ჩამოაწერენ, მთავრობის დადგენილებით გასაჯაროვდება.
ქვრივიშვილის თქმით, ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებისთვის. ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ამის გარდა, აუცილებელია აშენდეს ისეთი მსხვილი პროექტი როგორიცაა: ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი.
"თითოეული ეს გადაწყვეტილება იქნება ასახული მთავრობის დადგენილებით, რომელიც საჯაროა. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება იმის შესაძლებლობა, დეტალურად გაეცნოს თითოეულ იმ კომპანიას, კომპანიის ისტორიას და მათ შორის, პროექტის შინაარსს, რომელზეც გავრცელდა აღნიშნული პატიება.
აქვე უნდა ითქვას, რომ პატიება ეხება თითოეულ იმ კომპანიას და ზუსტად აქ არის მთავარი გამჭვირვალობის ფაქტორი, რომ აქ არ ხდება შემთხვევითი პრინციპით პატიება ან არ პატიება. [...]
[ის, რომ საქართველო აღარ იყოს ენერგეტიკის იმპორტზე დამოკიდებული] არის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კომპონენტისგან შემდგარი ამოცანა. პირველ რიგში ამოვწურეთ ეს თემა - მიმდინარე პროექტების სტიმულირება იყო ჩვენი მთავარი ამოცანა. ამოცანა იყო ის, რომ სახელმწიფოს მაქსიმალურად შეეზღუდა ყველა შემაფერხებელი ფაქტორი თავის მხრივ, გაეკეთებინა ყველაფერი იმისთვის, რომ როგორც შიდა ისე საერთაშორისო ინვესტორებს ჰქონოდათ სამართლიანი პირობები პროექტების განვითარების
მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად უნდა აშენდეს ისეთი მსხვილი ჰესების პროექტი, როგორიც არის მათ შორის, ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისევე როგორც, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის". - თქვა მარიამ ქვრივიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყების ეთერში.
ქვრივიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას აუხსნან, ენერგეტიკის სექტორის ღირებულება, "თუ რას ნიშნავს ეს ჩვენი მომავლისთვის".
ივანიშვილის მთავრობა კომპანიებს, რომლებიც ენერგეტიკის სფეროში მუშაობენ და ჩართულები არიან განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, ჯამში 1 მილიარდამდე ლარის ჯარიმებს ჩამოაწერს, თუმცა, "კონკრეტული დათქმით". ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ 10 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიებს "ნაპატიები ჯარიმები" აღუდგებათ.
რაც შეეხება ჰესების პროქტებს, სამივე ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება.
2018 წლის თებერვალში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დირექტორთა საბჭომ 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფით ნენსკრა ჰესის პროექტის დაფინანსება დაამტკიცა.
პროექტის მიხედვით, 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს საქართველო ყოველწლიურად 1'200.00 გიგავატ.სთ ელექტროენერგიით უნდა მოემარაგებინა, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდებოდა.
გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის გამომუშავება 2020 წლიდან უნდა დაეწყო, ხოლო მშენებლობის დასრულება 2021 წელს იგეგმებოდა.
2018 წლის 5 ივლისს სვანეთში, ჭუბერში, ნენსკრაჰესთან მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარის ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ წაიღო რამდენიმე ხიდი და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. ადიდებულმა მდინარემ ორი სახლიც წაიღო. ჭუბერის ხეობა გარესამყაროს მოწყდა. ჰესის მშენებელი კომოპანია აცხადებდა, რომ აღნიშნული ნენსკრა ჰესთან დაკავშირებული არ იყო.
რაც შეეხება ხუდონჰესს მის მშენებლობასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. საქართველოს მთავრობამ Trans Electric-სა და კომპანიის ქართულ ფილიალთან ხელშეკრულება თავდაპირველად 2011 წელს გააფორმა. შეთანხმება მდინარე ხუდონზე 702-მეგავატიანი ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა. ხუდონჰესის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი იყო.
2020 წლის დასაწყისში კი, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა კომპანია Trans Electrica-სთან დადებული ხელშეკრულების გაუქმებას აპირებდა. ამ მიზნით, ეკონომიკის სამინისტრომ საერთაშორისო იურიდიული კომპანია Hogan Lovells დაიქირავა, რომელსაც მომსახურებაში 118 ათასი ევრო გადაუხადა.
მოგვიანებით კი პროექტი გამოისყიდა, მაშინდელი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 2023 წელს ამბობდა, რომ ჰესს სახელმწიფო ააშენებდა.
საქართველომ ნამახვანჰესზე ENKA Renewables-თან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა წააგო და $383 მილიონის გადახდა დაეკისრა.
საუბარია 2019 წლის 25 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაზე საქართველოში ნამახვანჰესის აშენებასთან დაკავშირებით, რასაც რიონის ხეობაში ხანგრძლივი პროტესტი მოყვა. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინაღმდეგეებთან მოლაპარაკებები EU-ის მედიაციით მიმდინარეობდა, თუმცა, ე.წ რიონის ხეობის მცველებმა მედიაციის პროცესი დატოვეს.
2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables-ი საქართველოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტდა. 2021 წლის დეკემბერში, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ არ გამორიცხა, რომ კომპანია ენკას გასვლის შემთხვევაში ნამახვანჰესის პროექტი მომავალში სახელმწიფომ ან რომელიმე სხვა ინვესტორმა განახორციელოს. მან "დიდი იმედი" გამოთქვა, რომ პროექტის ირგვლივ გაჩენილი კითხვების გათვალისწინებით, ჰესი მაინც აშენდება.
2022 წლის იანვარში, თურნავამ განაცხადა, რომ თუ კომპანია ენკა უფრო მოქნილი გახდება, კომუნიკაციაში შევა მოსახლეობასთან, გარემოსდაცვით საკითხებს სწორად უპასუხებს და დაბრუნება ენდომება, ამაზე მთავრობა ინვესტორთან ისაუბრებს. 2022 წლის თებერვალში კი, ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ "ენკას თავისი პრეტენზიები გაააჩნია, ისინი მუშა პროცესში შეფერხდნენ. კომპანიას წინადადებებიც აქვს, თუმცა, ჩვენ რაღაცებს შეიძლება ვითვალისწინებდეთ და რაღაცებს ვერა. ეს იქნება სამართლებრივი პროცესი და შემდეგ გვეცოდინება დეტალები".





