საქართველოს ენერგეტიკა

ივანიშვილის მთავრობა ენერგეტიკის სფეროში მოქმედ კომპანიებს ჯარიმებს დათქმით ჩამოაწერს

ივანიშვილის მთავრობა კომპანიებს, რომლებიც ენერგეტიკის სფეროში მუშაობენ და ჩართულები არიან განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, ჯამში 1 მილიარდამდე ლარის ჯარიმებს ჩამოაწერს, თუმცა, "კონკრეტული დათქმით". ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიებს "ნაპატიები ჯარიმები" აღუდგებათ.

"ჩვენი სტრატეგიული მიზანია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, რასაც ენერგეტიკის სექტორის სწრაფი განვითარება ესაჭიროება, ამისთვის უნდა მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც სისტემის განვითარებას უშლის ხელს [...]

[...] ჩვენი მიზანია, განახლდეს ყველა შეჩერებული პროცესი და მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც ახალი ობიექტების მშენებლობას და ელექტროენერგიის გენერაციის ზრდას უშლის ხელს. გვინდა სრულად გადაიტვირთოს პროცესი და განახლდეს სუფთა ფურცლიდან ვალდებულებებით და შეთანხმებულ ვადებში,

ენერგეტიკის სფეროს განვითარებას ერთერთ დაბრკოლებას უქმნის დავალიანებები ჯარიმების და საურავების სახით, რომლებიც კომპანიებს გასული წლების განმავლობაში დაუგროვდათ, ამიტომ,  მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის კონკრეტული დათქმით დაკისრებული ჯარიმებისა და პირგასამტეხლოს პატიების შესახებ.

ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პეოექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია.

რაც შეეხება დათქმას, იმისთვის, რომ კომპანიებს არ გაუჩნდეთ საქმიანობის უპასუხისმგებლოდ გაგრძელების ცდუნება, არ დააგროვონ ახალი ჯარიმები, არამედ სერიოზულად მოეკიდონ სექტორის გადატვირთვის სახელმწიფო ინიციატივას, მათ განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, სრულად დაეკისრებათ ახლადდაგროვილი პირგასამტეხლოც და ჯარიმის გადახდის ვალდებულება და ამასთან ერთად, აღუდგებათ ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაპატიები ჯარიმებიც.

დათქმით დავალიანებების პატიება ემსახურება ერთადერთ მიზანს - კომპანიებს მოეხსნათ ფინანსური ბარიერი და დარჩეთ მაქსიმალური მოტივაცია, დაგეგმილი პროექტების სათანადო ვადებში განსახორციელებლად.

დავალიანებების პატიება უნდა გახდეს ახალი, ორმხრივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, თუმცა, ამასთანავე, პასუხისმგებლობით გაჯერებული პროცესის დასაწყისი. ეს ნიშნავს ახალ შეთანხმებებს, ახალ გრაფიკს და ახალ გონივრულ ურთიერთვალდებულებებს სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის.

ჩვენ მკაცრად მივუდგებით ახალ შეუსრულებელ ვალდებულებებს ან ახალ დავალიანებებს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე. ჩვენი ახალი მიდგომით, ვიწყებთ ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის დანერგვას, რომელიც მისაღები იქნება ენერგეტიკის სფეროში ჩართული კომპანიებისათვის და რომლიდანაც მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს ქვეყანა. ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება ახალ სტიმულს მისცემს ენერგეტიკის სისტემის განვითარებას, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება." - განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები