ხუდონჰესი

ღარიბაშვილი: სახელმწიფოს განზრახული აქვს, ხუდონჰესის მშენებლობა თავად დაიწყოს

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფოს განზრახული აქვს, რომ ხუდონჰესის მშენებლობა თავად დაიწყოს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის მუშაობის წლიური ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა.

"ახლა დიდი სიმძლავრის 4 ჰიდროსადგურის განვითარებაზე ვმუშაობთ. მათ შორის ხუდონჰესის პროექტი იქნება, ოღონდ, შეცვლილი სახით - აღარ დაიტბორება არც სოფელი და არც ტაძარი. ამას გარემოზე და ზოგადად, რეგიონზე მინიმალური ეფექტი ექნება. პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი სანიმუშო პროექტი იქნება. საქართველოს ენერგეტიკის დარგისთვის, ენგურჰესის შემდეგ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იქნება.

მოგეხსენებათ, 2012 წელს ჩვენ ხუდონჰესის პროექტი გასხვისებული დაგვხვდა. თუმცა, მისი გამოსყიდვა მოვახერხეთ და სახელმწიფოსი გახდა. სახელმწიფოს განზრახული აქვს, რომ ამ დიდი, ეროვნული მნიშვნელობის ჰესის მშენებლობა თავად დაიწყოს". - თქვა ღარიბაშვილმა.

ხუდონჰესის პროექტის დასაბრუნებლად საქართველოს მთავრობამ ინვესტორს 14.5 მილიონ დოლარი გადაუხადა.

საქართველოს მთავრობამ Trans Electric-სა და კომპანიის ქართულ ფილიალთან ხელშეკრულება თავდაპირველად 2011 წელს გააფორმა. შეთანხმება მდინარე ხუდონზე 702-მეგავატიანი ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა. ხუდონჰესის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი იყო.

მოგვიანებით, ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, მთავრობა წინასწარ დადგენილი ფასით, სადგურისგან ელექტროენერგიას მომდევნო 15 წლის განმავლობაში შეიძენდა. 

2020 წლის დასაწყისში კი, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა კომპანია Trans Electrica-სთან დადებული ხელშეკრულების გაუქმებას აპირებდა. ამ მიზნით, ეკონომიკის სამინისტრომ საერთაშორისო იურიდიული კომპანია Hogan Lovells დაიქირავა, რომელსაც მომსახურებაში 118 ათასი ევრო გადაუხადა. 

კომენტარები