ახალი წელი 2026

კალაძემ რესპუბლიკის მოედანზე ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აანთო

ივანიშვილის თბილისის მერმა, კახა კალაძემ რესპუბლიკის მოედანზე ნაძვის ხე და თბილისის საახალწლო ილუმინაციები აანთო.

ნაძვის ხის ანთების ცერემონიას, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი ესწრებოდნენ. 

"ახალი წლის მოლოდინი სიკეთით ავსებს ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს. დღეს ინთება მთავარი ნაძვის ხე, ასევე, დღეიდან გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ მოგონებებთან, ემოციებთან არის დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, წელსაც განსაკუთრებული იქნება ჩვენი დედაქალაქი. ნაძვის ხის ანთებისას ყოველთვის იფიქრებენ სურვილებს. ცხადია, სურვილი ბევრია, მაგრამ არის ერთი განსაკუთრებული - მშვიდობა, რადგან მშვიდობას მოაქვს სიკეთე, განვითარება, წინსვლა და კეთილდღეობა. დაე, მშვიდობა სუფევდეს მთელ საქართველოში, მსოფლიოში, სიკეთით სავსე იყოს ჩვენი ულამაზესი თბილისი და საქართველო. გილოცავთ წინასწარ შობა-ახალ წელს. გილოცავთ საახალწლო დღეების დაწყებას". - განაცხადა კალაძემ. 

გაიხსნა საახალწლო სოფელიც, სადაც დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით სხვადასხვა წარმოდგენა გაიმართება. ამავე ტერიტორიაზე განთავსდა ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და სანტას სახლი. 

ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული.

კომენტარები