ისრაელი-საქართველო

ისრაელური მედია: ტერაქტის საფრთხის გამო საქართველოში ქნესეთის წევრების ვიზიტი გაუქმდა

Larry Luxner

ისრაელური მედიის ინფორმაციით, ქნესეთის წევრებმა, რომლებიც ამ შაბათ-კვირას საქართველოში "ისრაელის კვირის" კონფერენციაზე დასწრებას აპირებდნენ, უსაფრთხოების დირექტივა მიიღეს, რომ პოტენციური ტერორისტული ტერაქტის საფრთხის გამო ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიეღოთ. 

Arutz Sheva წერს, რომ ქნესეთის ოფიცრის მხრიდან ბრძანება მას შემდეგ გაიცა, რაც გაფრთხილება შემოვიდა შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ, რომლის სამიზნეც, სავარაუდოდ, კონფერენციის დამსწრეები იყვნენ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ისრაელურ მედიაში გავრცელებული ცნობები მათ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, იციკ მოშემ დაუდასტურა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ საფრთხის შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარესაც გადაეცა. 

როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს და ისრაელის სპეცსამსახურებს, საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმის საფრთხის შესახებ ინფორმაცია "არ ჰქონიათ და არც არავისთვის გაუზიარებიათ".

"არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ და შესაბამისად, არც არავისთვის გაუზიარებიათ.

ჩვენ კავშირზე ვართ ისრაელის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გაკვირვება გამოთქვეს გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო.

ძალიან სამწუხარო და ნიშანდობლივია, რომ ასეთი ინფორმაცია ქართული მედიის ნაწილის მიერ ჩვენთან გადამოწმების გარეშე ვრცელდება.

კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საქართველოსთვის დამაზიანებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან". - წერია განცხადებაში.

კომენტარები