სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტის გაუქმების შესახებ ისრაელურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე.
ისრაელური მედიის ცნობით, ქნესეთის წევრებმა, რომლებიც ამ შაბათ-კვირას საქართველოში "ისრაელის კვირის" კონფერენციაზე დასწრებას აპირებდნენ, უსაფრთხოების დირექტივა მიიღეს, რომ პოტენციური ტერორისტული ტერაქტის საფრთხის გამო, ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიეღოთ.
აქამდე, სუს-მა განაცხადა, რომ საქართველოს და ისრაელის სპეცსამსახურებს, საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმის საფრთხის შესახებ ინფორმაცია "არ ჰქონიათ და არც არავისთვის გაუზიარებიათ".
ასევე, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ისრაელურ მედიაში გავრცელებული ცნობები მათ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, იციკ მოშემ დაუდასტურა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ საფრთხის შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარესაც გადაეცა.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებულ ბოლო განცხადებაშია აღნიშნული, იციკ მოშემ უწყებასთან განაცხადა, რომ ვიზიტის ტერაქტის საფრთხის შესახებ ცნობაზე ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია - ასევე, სუს-ი აღნიშნავს, რომ იციკ მოშემ იფნორმაციის "კონკრეტული და სერიოზული წყარო ვერ დაასახელა".
"გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხეებია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებულმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია, რომელსაც თავის მხრივ ეს ინფორმაცია მიაწოდა ქნესეთის ეთიკის კომისიის რომელიღაც წარმომადგენელმა. ინფორმაციის უფრო კონკრეტული და სერიოზული წყარო იციკ მოშემ ვერ დაასახელა.
კითხვაზე იმის შესახებ, თუ რატომ უთხრა მედიის წარმომადგენლებს, რომ საფრთხის შესახებ გაფრთხილებულია ქართული მხარე, იციკ მოშემ ეს ფაქტი საერთოდ უარყო. მისი განმარტებით, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ საფრთხე რეალური იქნებოდა, ამის შესახებ აუცილებლად შეატყობინებდნენ ქართულ მხარეს.
კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ ასეთი აბსურდული, არასერიოზული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი და ამავე დროს, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან". - წერია განცხადებაში.





