რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ და უკრაინა უსაფრთხოების მექანიზმის ჩარჩოზე შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გრძელდება

ამერიკული და უკრაინული დელეგაციების შეხვედრა, 30 ნოემბერი
REUTERS/Eva Marie Uzcategui

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, 4 და 5 დეკემბერს ამერიკულმა და უკრაინულ დელეგაციებმა  "სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის სარწმუნო გზის წინ წაწევის შესახებ კონსტრუქციული მოლაპარაკებები" გამართეს და დღეს, 6 დეკემბერს, კვლავ შეხვდებიან.

განცხადების თანახმად, ამერიკულ დელეგაციაში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი შედიან, ხოლო უკრაინულ მხარეს გენშტაბის უფროსი, ანდრიი ჰნატოვი და უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი წარმოადგენდნენ.

განცხადების მიხედვით, დელეგაციებმა რუსულ მხარესთან კუშნერისა და უიტკოფის შეხვედრა განიხილეს, "უსაფრთხოების მექანიზმის ჩარჩოზე შეთანხმდნენ" და ასევე შეთანხმდნენ, რომ შეთანხმების მიღწევის მხრივ პროგრესი რუსეთის მხრიდან გრძელვადიანი მშვიდობისადმი სერიოზული დამოკიდებულების გამოვლენასა და დეესკალაციისთვის ნაბიჯების გადადგმაზე არის დამოკიდებული. 

"მონაწილეებმა განიხილეს ამერიკული მხარისა და რუსების ბოლოდროინდელი შეხვედრის შედეგები და ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა ომი დაასრულოს. ამერიკელები და უკრაინელები ასევე უსაფრთხოების მექანიზმების ჩარჩოზე შეთანხმდნენ და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად საჭირო შეკავების შესაძლებლობები განიხილეს.

ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ნებისმიერ სახის შეთანხმებისკენ პროგრესი დამოკიდებულია რუსეთის მზაობაზე, გამოავლინოს გრძელვადიანი მშვიდობისადმი სერიოზული ვალდებულება, მათ შორის, გადადგას ნაბიჯები დეესკალაციისა და მკვლელობების შეჩერების მიმართულებით". - წერია განცხადებაში.

როგორც სახდეპი აცხადებს, მოლაპარაკებების ფარგლებში უმეროვმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ომის დასრულება იმგვარად, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაცული იყოს.

"დღეს ჯგუფმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეექვსე შეხვედრა გამართა. მდივანმა უმეროვმა ხელახლა დაადასტურა, რომ უკრაინის პრიორიტეტს წარმოადგენს ომის იმგვარად მოგვარება, რომელიც მის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს დაიცავს, უკრაინელთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და წარმატებული დემოკრატიული მომავლისთვის სტაბილურ საფუძველს შექმნის". - წერია განცხადებაში.

ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტისკენ გადადგმული ნაბიჯებისა და დეესკალაციის მნიშვნელობას.

"ამერიკულმა და უკრაინულმა მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ომის დასრულება და ცეცხლის შეწყვეტისკენ გადადგმული სარწმუნო ნაბიჯები და დეესკალაცია აუცილებელია განახლებული აგრესიისთვის თავის ასარიდებლად და უკრაინის ყოვლისმომცველი ხელახალი განვითარების გეგმის შესასრულებლად, რომელიც მიზნად ისახავს, ქვეყანა უფრო ძლიერი და წარმატებული გახადოს, ვიდრე ომამდე იყო". - წერია განცხადებაში. 

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დელეგაციებმა ასევე უკრაინის აღდგენის მხარდამჭერი გეგმები, აშშ-უკრაინის ერთობლივი ეკონომიკური ინიციატივები და აღდგენის გრძელვადიანი პროექტები განიხილეს.

ცნობისთვის, ერთი მხრივ, ვლადიმირ პუტინსა და, მეორე მხრივ, სტივ უიტკოფსა და ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს, შორის დაახლოებით 5-საათიანი შეხვედრა 2 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა.

მანამდე, 30 ნოემბერს მაიამიში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები