უკრაინის სამხედრო ძალებმა სამხრეთ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას - კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიფსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ამის შესახებ რუსული Telegram-არხები იტყობინებიან.
ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებში აფიფსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი მასშტაბური ხანძარი ჩანს.
აფიფსკის ქარხანა, ფრონტთან სიახლოვის გამო, ხშირად არის უკრაინის თავდასხმების სამიზნე. აქამდე მასზე იერიში უკრაინელებმა 26 სექტემბერს და აგვისტოში ორჯერ მიიტანეს.
ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარე აფიფსკის ქარხანა რუსული ძალებისთვის საწვავის მიწოდების კუთხით მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ როლს ასრულებს.
ქარხანა რუსეთის ნავთობის გადამუშავების სიმძლავრის 2.1%-ს უზრუნველყოფს და წელიწადში დაახლოებით 6.25 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს.





