საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებით, დღეს, 26 ნოემბერს, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ივანიშვილის ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს შეხვდა.
საელჩოს ცნობით, საუბარი რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს მიერ დაწესებულ საქნციებსა და TRIPP-ს.
"დღეს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შეხვდა, რათა განეხილა, სხვა საკითხებთან ერთად, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და როგორ შეუძლია საქართველოს მხარი დაუჭიროს "ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის" (TRIPP)" - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ფინანსთა სამინისტრომაც, უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ხუციშვილის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საელჩოს ეკონომიკისა და კომერციის ოფიცერი ამირ ალავი.
"მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ფინანსთა მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები. საუბარი შეეხო ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჯონათან ასკონასის ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაესვა საბაჟო დეპარტამენტის ეფექტურ მუშაობას და მხარეებს შორის თანამშრომლობას საქართველოს საბაჟო კონტროლის გამოცდილების გაზიარების კუთხით. ასევე, საუბარი შეეხო საერთაშორისო სანქციების ეფექტური აღსრულების მექანიზმებს საქართველოში და აღინიშნა ამ მხრივ საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაწეული ძალისხმევა.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რეგიონში გამავალი სატრანზიტო დერეფნების, მათ შორის, აშშ პრეზიდენტის ინიცირებულ TRIPP პროექტისა და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საკითხებზე და საქართველოს როლზე ამ პროცესში.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები თანამშრომლობის შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ". - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





