რუსეთში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის სამი ოპოზიციონერის, კან კვარჩიას, ეშსოუ კაკალიასა და ხინა დუმაას წინააღმდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ძებნილთა ფედერალურ სიაშიც შეიყვანეს.
ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ოპოზიციონერებს ბრალად ედებათ განსაკუთრებულად დიდი ოდენობის, 1 975 000 რუბლის ძარცვა, რომელიც 25 წლის, 42 წლის და 45 წლის სამი რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ ჩაიდინეს.
ქალაქ სოჭის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დანაშაულის ჩადენა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა "სიცოცხლისა და ჯანმრთელობისადმი სახიფათო ძალადობის გამოყენების მუქარით, ადამიანთა ჯგუფის მხრიდან წინასწარი შეთქმულებითა და საგნის იარაღად გამოყენებით."
რუსულმა მხარემ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს, "სისხლის სამართლის საქმეებში იურიდიული დახმარების საკითხების მარეგულირებელი შეთანხმებების შესაბამისად," უკვე აცნობა ძებნილთა სიის გამოცხადების შესახებ.
დეპარტამენტის განცხადებით, სამომავლოდ მოხდება Interpol-ის არხების მეშვეობით აღნიშნული პირების ძებნილთა საერთაშორისო სიაში შეყვანაც. ამასთან, დეპარტამენტის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რათა დეტალურად დადგინდეს მომხდარის ყველა გარემოება, განმტკიცდეს მტკიცებულებები და იდენტიფიცირდეს დანაშაულში ჩართული სხვა, ამ დროისთვის უცნობი პირებიც.
მანამდე, 24 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ კან კვარჩიას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. მიზეზად რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსეთის ფედერაციის ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხის შემქმნელი ქმედებები" დაასახელეს.
კვარჩია ოკუპირებულ აფხაზეთში 2024 წლის ნოემბრის აქციებში მონაწილეობდა, რომელთა შედეგადაც მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია გადადგა და დე ფაქტო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.
რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით კვარჩია ამბობდა, რომ ეს მისთვის იზოლაციის ტოლფასია, რაც ცუდი ფაქტია და შესაძლოა "შედეგები" მოჰყვეს.





