იაპონია-ჩინეთი

იაპონია ტაივანის სიახლოვეს მდებარე კუნძულ იონაგუნიზე რაკეტებს განათავსებს

იაპონიის თავდაცვის მინისტრი სინძირო კოიძუმი
By Alastair Gale BLOOMBERG

იაპონიის თავდაცვის მინისტრის, სინძირო კოიძუმის თქმით, იაპონია ტაივანის სიახლოვეს მდებარე კუნძულ იონაგუნიზე თავდაცვას გააძლიერებს. კოიძუმი ამბობს, რომ კუნძულზე მალე საშუალო რადიუსის მოქმედების მქონე რაკეტები განთავსდება. 

"ეს ნაბიჯი ჩვენ წინააღმდეგ შეიარაღებული თავდასხმის ალბათობას შეამცირებს," უთხრა კოიძუმიმ ჟურნალისტებს კუნძულ იონაგუნიზე ვიზიტისას. "აზრი, რომ ეს რეგიონში დაძაბულობას გაამწვავებს, არასწორია," დაამატა მან.

იონაგუნიზე ჩასვლამდე, კოიძუმი იშიგაკისა და მიიაკოს კუნძულებზე არსებულ სამხედრო ბაზებს ეწვია. იშიგაკის ბაზა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებითაა აღჭურვილი, ხოლო მიიაკო საჰაერო დაზვერვისა და სხვა სამხედრო ინფრასტრუქტურის ჰაბს წარმოადგენს. იაპონიასა და აშშ-ს მსხვილი სამხედრო ბაზები ასევე აღმოსავლეთით მდებარე კუნძულ ოკინავაზეც აქვთ.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩინეთსა და იაპონიას შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც იაპონიის ახალმა პრემიერმა, სანაე ტაკაიჩიმ მიანიშნა, რომ თუ ჩინეთი ტაივანს თავს დაესხმება, იაპონიამ პასუხის გასაცემად, შესაძლოა, საკუთარ თავდაცვის ძალებს მიმართოს. ტაივანის შესახებ ტაკაიჩის განცხადებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა ჩინეთის ოფიციალური უწყებების მხრიდან.

მანამდე, 15 ნოემბერს, ჩინეთმა საკუთარ მოქალაქეებს იაპონიაში არ ჩასვლისკენ მოუწოდა და ტოკიოს "გამანადგურებელი" მარცხით დაემუქრა, თუ ტაივანის გამო იაპონიის მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენება მოხდება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვანგ ის თქმით, ტაივანში პოტენციური სამხედრო ინტერვენციის შესახებ იაპონიის ახალი პრემიერმინისტრის, სანაე ტაკაიჩის, მიერ გაკეთებული განცხადებით ქვეყანამ "წითელი ხაზი გადაკვეთა."

7 ნოემბერს იაპონიის პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციის დეპუტატმა ტაკაიჩის ჰკითხა, ტაივანთან დაკავშირებული რომელი გარემოებები ჩაითვლებოდა იაპონიისთვის "ეგზისტენციალურ საფრთხედ".

ტაკაიჩიმ უპასუხა, რომ "თუ საქმე ეხება საბრძოლო გემებსა და ძალის გამოყენებას, როგორადაც უნდა დაფიქრდეთ, ეს შეიძლება ჩაითვალოს ეგზისტენციალურ საფრთხედ."

ცნობისთვის, "ეგზისტენციალური საფრთხე" იაპონიის 2015 წლის უსაფრთხოების კანონში იურიდიული ტერმინია და გულისხმობს შემთხვევას, როდესაც მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა იაპონიისთვის სასიცოცხლო საფრთხედ მიიჩნევა. ასეთ შემთხვევაში, იაპონიას საფრთხის საპასუხოდ თავისი თავდაცვის ძალების გამოყენების უფლება აქვს.

8 ნოემბერს ოსაკაში ჩინეთის კონსულმა, სიუე ძიენმა X-ზე ტაკაიჩის განცხადებაზე სტატია გააზიარა და შემდეგი კომენტარი დაამატა: "ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა - უნდა მოვკვეთოთ ის ბინძური ყელი, რომელმაც უყოყმანოდ დაგვესხა თავს. მზად ხართ?", რაც იაპონიასა და მის საზღვრებს გარეთ ზოგიერთმა იაპონიის პრემიერის წინააღმდეგ თავის მოკვეთის მუქარად აღიქვა.

თავის მხრივ, ტოკიომ 15 ნოემბერს იაპონიაში ჩინეთის ელჩი დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა გავლენიანი ჩინელი დიპლომატის ონლაინ პოსტის გამო, ხოლო იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა, მინორუ კიჰარამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიუეს განცხადების მიზანი "შეიძლება არ იყოს მკაფიოდ განსაზღვრული", ის "ძალიან უადგილოა".

კომენტარები