იაპონია-ჩინეთი

ტაივანის შესახებ იაპონიის პრემიერის განცხადებას ჩინეთის კრიტიკა მოჰყვა

იაპონიის პრემიერმინისტრი, სანაე ტაკაიჩი

ტაივანის შესახებ იაპონიის ახალი პრემიერმინისტრის, სანაე ტაკაიჩის განცხადებას ჩინეთის ოფიციალური უწყებების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ტაკაიჩიმ მიანიშნა, რომ თუ ჩინეთი ტაივანს თავს დაესხმება, იაპონიამ პასუხის გასაცემად, შესაძლოა, საკუთარ თავდაცვის ძალებს მიმართოს.

ამის შესახებ 7 ნოემბერს იაპონიის პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციის დეპუტატმა ტაკაიჩის ჰკითხა, ტაივანთან დაკავშირებული რომელი გარემოებები ჩაითვლებოდა იაპონიისთვის "ეგზისტენციალურ საფრთხედ".

"თუ საქმე ეხება საბრძოლო გემებსა და ძალის გამოყენებას, როგორადაც არ უნდა დაფიქრდეთ, ეს შეიძლება ჩაითვალოს ეგზისტენციალურ საფრთხედ" - უპასუხა ტაკაიჩიმ.

"ეგზისტენციალური საფრთხე" იაპონიის 2015 წლის უსაფრთხოების კანონში იურიდიული ტერმინია და გულისხმობს შემთხვევას, როდესაც მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა იაპონიისთვის საციცოცხლო საფრთხედ მიიჩნევა. ასეთ შემთხვევაში, იაპონიას საფრთხის საპასუხოდ თავისი თავდაცვის ძალების გამოყენების უფლება აქვს.

ტაკაიჩის განცხადებებმა პეკინის აღშფოთება გამოიწვია - ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას "მიუღებელი" უწოდა.

8 ნოემბერს, ოსაკაში ჩინეთის კონსულმა, სიუე ძიენმა, სოციალურ ქსელ X-ზე ტაკაიჩის განცხადებაზე სტატია გააზიარა და შემდეგი კომენტარი დაამატა: "ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა - უნდა მოვკვეთოთ ის ბინძური ყელი, რომელმაც უყოყმანოდ დაგვესხა თავს. მზად ხართ?". ზოგმა იაპონიაში და მის გარეთ ეს კომენტარი ტაკაიჩის თავის მოკვეთის მუქარად აღიქვა.

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა, მინორუ კიჰარამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიუეს განცხადების მიზანი "შეიძლება არ იყოს მკაფიოდ განსაზღვრული", ის "ძალიან უადგილოა".

კომენტარები