უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები

რუბიო სამშვიდობო წინადადებაზე: პროგრესი გვაქვს, გარკვეული ცვლილებების შეტანაზე ვმუშაობთ

ჩემი პირადი აზრია, რომ ამ მთლიანი პროცესის განმავლობაში, დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც ჩართულები ვართ, ალბათ ყველაზე პროდუქტიული და აზრიანი შეხვედრა გვქონდა. ძალიან კარგი პროდუქტი გვაქვს, რომელიც ყველა აქ ჩართული მხარის უკუკავშირის საფუძველზე აშენდა და შევძელით, რომ ახლა ამ ელემენტებიდან ზოგიერთი სათითაოდ გაგვევლო და ვფიქრობ, საკმაო პროგრესი გვაქვს. ჩვენი გუნდები ახლა თავ-თავიანთ ოთახებში გავიდნენ, სანამ ზოგიერთ შეთავაზებაზე ვმუშაობთ, რომლებიც წარმოგვიდგინეს.

ასე რომ, გარკვეული ცვლილებების შეტანაზე, გარკვეულ შესწორებებზე ვმუშაობთ იმ იმედით, რომ წინ წავიწევთ და შევამცირებთ სხვაობებს და მივუახლოვდებით რაღაცას, რაც როგორც უკრაინისთვის, ისევე, რა თქმა უნდა, აშშ-სთვის ძალიან კომფორტული იქნება. რასაკვირველია, ამას საბოლოოდ ხელი ჩვენმა პრეზიდენტებმა უნდა მოაწერონ, თუმცა თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ ამასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, თუ რა პროგრესსაც მივაღწიეთ. 

რა თქმა უნდა, არის ასევე განტოლების რუსული მხარეც, თუმცა, კიდევ ერთხელ, ვფიქრობთ, რომ გასული ცხრა თვის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი მიგნებები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის მათთვის რეალურად მნიშვნელოვანი. ასე რომ, მთავარი იდეა აქედან, ვფიქრობ, ის არის, რომ ჩემი აზრით, ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი და ვიტყოდი, შესაძლოა ჯერჯერობით მთლიანი პროცესის განმავლობაში, იმ დღიდან მოყოლებული, როცა ოფისში პირველად მოვედით იანვარში, საუკეთესო შეხვედრა და დღე არის. თუმცა, გარკვეული საქმე კვლავ არის დასასრულებელი და ეს არის, რასაც ჩვენი გუნდები ახლა გააკეთებენ. 

თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟენევაში უკრაინული და ამერიკული დელეგაციების შეხვედრის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟენევაში უკრაინული დელეგაციის ცნობების მიღების შემდეგ დაწერა, რომ აშშ-ს სამშვიდობო წინადადებებმა შეიძლება მოიცვას "რიგი ელემენტები, რომლებიც უკრაინულ ხედვებს ეფუძნება და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია". 

ამასთან, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი და ჟენევის მოლაპარაკებებზე უკრაინული დელეგაციის წევრი, რუსტემ უმეროვი წერს, რომ დაუსრულებელი წინადადებები უკვე "მრავალ უკრაინულ პრიორიტეტს" ირეკლავს. 

კომენტარები