რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჰაიოვიშინი: ოკუპირებული უკრაინული მიწა რუსეთის ნაწილი არასდროს იქნება

გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ხრისტინა ჰაიოვიშინი

გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ხრისტინა ჰაიოვიშინმა უშიშროების საბჭოზე სიტყვის გამოსვლისას თქვა, რომ "რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის რუსულ მიწად აღიარება არასდროს მოხდება" და დაამატა, რომ უკრაინის "მიწა არ იყიდება."

"მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მზად არის ომის დასრულებისთვის მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში ჩაერთოს, მათ შორის, ლიდერების დონეზე, ჩვენი წითელი ხაზები მკაფიო და ურყევია. რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის რუსულად აღიარება არასდროს მოხდება, იქნება ეს ფორმალური თუ სხვაგვარი. ჩვენი მიწა არ იყიდება." - განაცხადა მან.

ჰაიოვიშინის თქმით, "უკრაინამ აშშ-ს მხრიდან სამშვიდობო გეგმის მონახაზი მიიღო. ჩვენ თანახმა ვართ, ვიმუშაოთ სამშვიდობო გეგმის დებულებებზე, რათა ომი სამართლიანად დასრულდეს.”

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას ჰაიოვიშინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ დათანხმდება საკუთარი თავდაცვის უფლების ან ჯარის შეზღუდვას და ასევე არ შეეგუება სუვერენიტეტის რაიმე სახით დარღვევას, მათ შორის, ალიანსების არჩევის სუვერენული უფლების კუთხითაც.

"ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკება უნდა მიჰყვებოდეს ძირითადად პრინციპებს: არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე და არაფერი ევროპის შესახებ ევროპის გარეშე." - თქვა ხრისტინა ჰაიოვიშინმა

მან ასევე დაამატა, რომ "კრემლის რეჟიმი არ გაჩერდება, თუ მას ურყევი და შეთანხმებული ზეწოლით არ შეაჩერებენ. ამ ომის დასრულების მხოლოდ ერთი რეალისტური გზა არებობს: რუსეთი იძულებული უნდა გახდეს, რომ ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით უკან დაიხიოს." 

ცნობისთვის, უკრაინისადმი წარდგენილი 28-პუნქტიანი გეგმა, რომელიც სრული სახით უკრაინელმა დეპუტატმა, ოლექსიი გონჩარენკომ გაავრცელა, უკრაინის მხრიდან არაერთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ დათმობაზე წასვლას ითვალისწინებს. თუმცა, Axios წერს, რომ გეგმა ასევე უპრეცედენტო პირობასაც მოიცავს, რომელიც ტრამპმა პირველად დააყენა განხილვის საგნად. 

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, უკრაინისთვის აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა NATO-ს მეხუთე მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიასაც მოიცავს, რომლის ფარგლებშიც აშშ და ევროპელი მოკავშირეები უკრაინაზე თავდასხმას მთელ "ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაზე" თავდასხმად ჩათვლიან. 

გასაჯაროებული სამშვიდობო გეგმის პროექტი მეტწილად რუსეთისთვისაა მომგებიანი და უკრაინის მხრიდან მრავალ დათმობას ითვალისწინებს, თუმცა გამოცემა Wall Street Journal-თან აშშ-ს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ კიევისთვის წარდგენილი სამშვიდობო გეგმის პროექტი საბოლოო არაა და აშშ მხარეებთან კონსულტაციებს განაგრძობს. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პროექტის მიღების შემდეგ განაცხადა, რომ მშვიდობის მისაღწევად აშშ-სთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა.

მანამდე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ X-ზე დაწერა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასამთავრებლად "სერიოზული და რეალისტური იდეების ინტენსიური მიმოცვლაა" საჭირო და დაამატა, რომ "ორივე მხრიდან რთულ, მაგრამ აუცილებელ დათმობებზე წასვლა" მდგრადი მშვიდობის წინაპირობაა.

"ჩვენ ახლაც და სამომავლოდაც გავაგრძელებთ ამ ომის დასამთავრებლად პოტენციური იდეების სიის შექმნას, რომელიც ამ კონფლიქტის ორივე მხარის ჩართულობაზე იქნება დამყარებული." - განმარტა რუბიომ.

კომენტარები