გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, უკრაინისთვის აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა NATO-ს მეხუთე მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიასაც მოიცავს, რომლის ფარგლებშიც აშშ და ევროპელი მოკავშირეები უკრაინაზე თავდასხმას მთელ "ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაზე" თავდასხმად ჩათვლიან.
ცნობისთვის, უკრაინისადმი წარდგენილ 28-პუნქტიან გეგმაში, რომელიც სრული სახით უკრაინელმა დეპუტატმა, ოლექსიი გონჩარენკომ გაავრცელა, უკრაინის მხრიდან არაერთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ დათმობაზე წასვლას ითვალისწინებს. თუმცა, Axios წერს, რომ გეგმა ასევე უპრეცედენტო პირობასაც მოიცავს, რომელიც ტრამპმა პირველად დააყენა განხილვის საგნად.
Axios-ის მიერ მოპოვებულ 28-პუნქტიან გეგმაში, რომელიც 20 ნოემბერს აშშ-ს არმიის მინისტრმა, დენ დრისკოლმა ზელენსკის წარუდგინა, უბრალოდ წერია, რომ "უკრაინა სანდო უსაფრთხოების გარანტიების მიიღებს."
თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, აშშ-მ უკრაინულ მხარეს კიდევ ერთი შეთანხმების სამუშაო ვერსია წარუდგინა, რომელშიც წერია, რომ უკრაინაზე რუსეთის მხრიდან ნებისმიერი სამომავლო "მნიშვნელოვანი, მიზანმიმართული და ხანგრძლივი შეიარაღებული თავდასხმა ჩაითვლება, როგორც თავდასხმად, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და ტრანსატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებას," ხოლო აშშ და მისი მოკავშირეები ამას შესაბამის პასუხს გასცემენ, მათ შორის, სამხედრო ძალის მეშვეობითაც.
გამოცემის ცნობით, დოკუმენტში გამოყოფილია ხაზები უკრაინის, აშშ-ს, ევროკავშირის, NATO-სა და რუსეთის მხრიდან ხელმოწერებისთვის. თეთრი სახლის გავლენიანმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ რუსეთს აღნიშნული დოკუმენტი გააცნეს, თუმცა გაურკვეველია, საჭირო იქნება თუ არა შეთანხმებისთვის ვლადიმირ პუტინის ხელმოწერა.
ამასთან, Axios-ის მიხედვით, უსაფრთხოების გარანტია თავდაპირველად 10-წლიანი იქნება, რომლის განახლებაც ურთიერთშეთანხმების შედეგად იქნება შესაძლებელი. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ასევე დაამატა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის გადმოსახედიდან კიევისთვის შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტია "დიდი გამარჯვებაა" ზელენსკისთვის და უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, უსაფრთხოების გარანტიის ეს წინადადება ტრამპის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა, რომელმაც 28-პუნქტიანი გეგმის შედგენაში მთავარი როლი შეასრულა, ზელენსკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, რუსტემ უმეროვთან 15-16 ნოემბერს განიხილა და გეგმა წერილობით ზელენსკის 20 ნოემბერს გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ როგორც გამოცემა WSJ-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, კიევისთვის წარდგენილი სამშვიდობო გეგმის პროექტი საბოლოო არაა და აშშ მხარეებთან კონსულტაციებს განაგრძობს. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პროექტის მიღების შემდეგ თქვა, რომ მშვიდობის მისაღწევად აშშ-სთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა.
Axios ასევე ავრცელებს დოკუმენტის სამუშაო ტექსტსაც:
ეს სამუშაო ჩარჩო აყალიბებს პირობებს უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის ზავისთვის და იძლევა უსაფრთხოების გარანტიას, რომელიც ეფუძნება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის პრინციპებს, რაც ადაპტირებულია ამ კონფლიქტის გარემოებებთან და აშშ-სა და მისი ევროპელი მოკავშირეების ინტერესებთან.
1. აშშ ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ზავის ხაზის მიღმა, უკრაინის ტერიტორიაზე, მნიშვნელოვანი, მიზანმიმართული და ხანგრძლივი შეიარაღებული თავდასხმა ჩაითვლება, როგორც საფრთხის შემცველად მშვიდობისა და ტრანსატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებისთვის. ასეთ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საკონსტიტუციო უფლებამოსილების განხორციელებითა და უკრაინასთან, NATO-სთან და ევროპელ პარტნიორებთან დაუყოვნებელი კონსულტაციების შემდეგ, უსაფრთხოების აღსადგენად საჭირო ზომები უნდა განსაზღვროს. ამ ზომებმა შესაძლოა მოიცვას შეიარაღებული ძალები, დაზვერვა, ლოჯისტიკური დახმარება, ეკონომიკური და დიპლომატიური ქმედებები, და სხვა ნაბიჯები, რომლებიც შესაფერისად ჩაითვლება. დარღვევის შესახებ ნებისმიერი პრეტენზიის შეფასება NATO-სთან და უკრაინასთან ერთობლივი შეფასების მექანიზმით მოხდება.
2. NATO-ს წევრები, მათ შორის, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, პოლონეთი და ფინეთი, ადასტურებენ, რომ უკრაინის უსაფრთხოება არსებითი მნიშვნელობისაა ევროპული სტაბილურობისთვის და თანხმდებიან, რომ შეერთებულ შტატებთან ერთად იმოქმედებენ ნებისმიერი შესაბამისი დარღვევის პასუხად, რითაც უზრუნველყოფენ ერთიან და სანდო შემაკავებლის პოზიციას.
3. ეს სამუშაო ჩარჩო ძალაში შევა ხელმოწერის შემდეგ და ძალაში დარჩება 10 წლის განმავლობაში, რაც ურთიერთშეთანხმებით არის განახლებადი. შესრულებას ზედამხედველობას, ევროპელი პარტნიორების ხელმძღვანელობითა და აშშ-ს მონაწილეობით, მონიტორინგის ერთობლივი კომისია გაუწევს.
ხელმომწერები:
- უკრაინა
- რუსეთის ფედერაცია
- ამერიკის შეერთებული შტატები
- ევროკავშირი
- NATO





