ემიგრაცია

ემიგრანტებს ხმის მიცემა ეზღუდებათ - როგორია ფულადი გზავნილების წილი ქართულ ეკონომიკაში

ემიგრაცია

ემიგრანტებს ხმის მიცემა ეზღუდებათ - როგორია ფულადი გზავნილების წილი ქართულ ეკონომიკაში

ივანიშვილის რეჟიმმა საკანონმდებლო ცვლილება დააანონსა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც, ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ემიგრანტებს, რომელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ საქართველოში ჩამოვლენ. მათთვის საარჩევნო უბნები უცხოეთში აღარ გაიხსნება, რადგან რეჟიმის აზრით, “ღია და უხეშია” ამომრჩეველზე ზეწოლა უცხოეთიდან. ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ “ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების ანუ უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას”.

გაეროს შეფასებით, 2024 წელს უცხოეთში 496 000 ქართველი ცხოვრობდა, თუმცა, ამ მონაცემებში არ შედის 13 ქვეყანა, მათ შორის, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, კანადა და გაერთიანებული სამეფო. 2020 წელს კი, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების გაეროს მიერ დასახელებული რიცხვი 860 000 იყო (ყველა ქვეყნის ჩათვლით).

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ქართული დიასპორის რეალური მასშტაბი შესაძლოა, უფრო დიდი იყოს, მათ შორის, უცხოეთში არალეგალურად მყოფების. 2024 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების 58% აცხადებს, რომ ჰყავს ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს. ამასთან, კვლევითი ცენტრის, PMC-ის 2022 წლის კვლევით, საქართველოს მოსახლეობის 23% ემიგრაციაში იყო.

International Monetary Fund-ის 2024 წლის ანგარიშში კარგად ჩანს ქართულ ეკონომიკაში უცხოური ფულადი გზავნილების წილი და ემიგრანტების გადმორიცხვების ზრდადი დინამიკა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიხედვით, 2024 წელს საქართველოში შემოსული  ფულადი გზავნილები დაახლოებით 3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. IMF-ის შეფასებით, ეს მოცულობა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 9%-ია.

იმავე დოკუმენტში IMF მიუთითებს, რომ ფულადი გზავნილები 2012 წლიდან დღემდე თითქმის 2.5-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, 2012 წელს გზავნილების მოცულობა 1.2 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო 2024 წლისთვის 3 მილიარდს მიუახლოვდა.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფულადი გზავნილების წილი მშპ-ში საშუალოდ 15%-ის ფარგლებში მერყეობდა, რაც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებლად განიხილება. ეს მიუთითებს, რომ გზავნილები არ არის ერთჯერადი ეკონომიკური იმპულსი; პირიქით, ისინი მრავალწლიან ფულად ნაკადად იქცა, რომელიც ემიგრაციის მზარდი ეკონომიკური აქტივობით აიხსნება.

IMF-ის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოსთვის გზავნილების მთავარი წყაროები იყო:

  • აშშ – დაახლოებით 560 მლნ დოლარი,
  • იტალია – დაახლოებით 550 მლნ დოლარი,
  • რუსეთი – დაახლოებით 500 მლნ დოლარი.

ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, გერმანია, საბერძნეთი, ესპანეთი, გზავნილების ნაკადები სტაბილურად იზრდება.

IMF აღნიშნავს, რომ გზავნილებს ხშირად „ბუფერული ფუნქცია“ აქვთ. ქვეყანაში ზოგადი ეკონომიკური რეცესიის დროს უცხოური ფულადი გზავნილები ნაკლებად მცირდება, რაც ქვეყანაში ფულადი შემოდინების სტაბილურობას უზრუნველყოფს. ხშირ შემთხვევაში გზავნილები დეფიციტის შემცირებას და სავალუტო რეზერვების შენარჩუნებას ეხმარება.
 

კომენტარები