უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ დაწერა, რომ აშშ-სა და უნგრეთს შორის ურთიერთობებში "ოქროს ხანა" დადგა და დაამატა, რომ ქვეყნის პრემიერი, ვიქტორ ორბანი 7 ნოემბერს თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
"უნგრულ-ამერიკული ურთიერთობების ოქროს ხანა აქაა! ამ პარასკევს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პრემიერი ვიქტორ ორბანი ვაშინგტონში შეხვდებიან. დღის წესრიგშია: მშვიდობა უკრაინაში და მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ენერგეტიკის თანამშრომლობის პაკეტი." - დაწერა სიიარტომ X-ზე.
გასულ კვირაში ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორბანმა მას რუსულ ნავთობზე აშშ-ს სანქციებისგან შეღავათის სთხოვა, თუმცა თეთრ სახლს ეს მისთვის არ მიუნიჭებია.
"მან გვთხოვა [რუსულ ნავთობზე აშშ-ს სანქციებისგან] შეღავათი, ჩვენ არ მივანიჭეთ, მაგრამ ითხოვა". - თქვა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი იმედოვნებდა, რომ აშშ-ს მიერ რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებზე დაწესებული სანქციების აღსრულების ვალდებულება უნგრეთზე არ გავრცელდებოდა. ორბანი ამის მიზეზად რუსულ ნავთობზე უნგრეთის დამოკიდებულებას ასახელებდა.
ცნობისთვის, 22 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას, Lukoil-სა და Rosneft-ს, სანქციები დაუწესა.
"გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი პუტინი უარს ამბობს, დაასრულოს ეს უაზრო ომი, სახაზინო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, რომლებიც კრემლის ომის მანქანას აფინანსებენ.
თუ საჭირო იქნება, დეპარტამენტი მზად არის, მიიღოს დამატებითი ზომები, რათა ხელი შეუწყოს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას კიდევ ერთი ომის დასასრულებლად. მოვუწოდებთ ჩვენ მოკავშირეებს, შემოგვიერთდნენ და დაემორჩილონ ამ სანქციებს". – თქვა სახაზინო დეპარტამენტის მინისტრმა, სკოტ ბესენტმა.
მანამდე, 15 ოქტომბერს, ამავე რუსულ ნავთობკომპანიებს სანქციები გაერთიანებულმა სამეფომაც დაუწესა, როდესაც Rosneft-სა და Lukoil-ის წინააღმდეგ 90-პუნქტიანი სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა.





