ცეცხლაძეების სარჩელი პაპუაშილის წინააღდეგ

ეს არის პოლიტიკური შეფასება - პაპუაშვილი ცეცხლაძისთვის ტერორისტის დაძახებაზე

"მე მივეცი პოლიტიკური შეფასება და არა სისხლისსამართლებრივი შეფასება" - ასე ახსნა ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმარ ზვიად ცეცხლაძისთვის ტერორისტის დაძახება.

პაპუაშვილმა ცეცხლაძეს ტერორისტი, მას შემდეგ უწოდა, რაც მან ევროკავშირის ელჩისგან წერილი ციხეში მიიღო. 

სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ზვიად ცეცხლაძის ოჯახი პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს, ამის შესახებ ზურაბ ცეცხლაძემ, 4 ნოემბერს, თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

"სისხლისსამართლის შეფასება არის ბრალდების და სასამართლოს საქმე და მისი ქმედება სათანადოდ შეფასდა სასამართლოს მიერ, რის გამოც ის სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ჩემი ამოცანა არ არის სისხლისსამართლებრივი შეფასების მიცემა, მე ვაძლევ პოლიტიკურ შეფასებას.

შიდა ტერორიზმი, ამას ხაზს ვუსვამ კიდევაც, მაგალითი თავად აჩვენა, ტერორიზმი ზოგადად ეს არის პოლიტიკური მიზნების ძალადობით მიღწევის სურვილი და იდეოლოგია, შიდა ტერორიზმი კი გახლავთ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური მიზნების ძალადობით მიღწევის იდეოლოგია, რაც ჩვენ ვნახეთ და მათ შორის, მან თავადვე, საკუთარი თავის ჩანაწერი არის, რომლითაც ის პირდაპირ ინსტრუქციებს ხსნის თუ როგორ უნდა მოხდეს თავდასხმა სხვადასხვა გზებით, პოლიციაზე, როგორ უნდა მოხდეს ბარიკადების აგება, იქვე დაპირებას იძლევა, რომ კიდევ უფრო მძიმე რეცეპტებს მისცემს მოგვიანებით, ვისაც ის ეკონტაქტება, ამიტომ ტერორიზმი ეს არის პოლიტიკური შეფასება, პოლიტიკოსები საუბრობენ არა სამართლებრივ შეფასებაზე.

პოლიტიკურ განცხადებებს, რაც შეეხება, აქ იმედია ცენზურის დაწესების სურვილი არავის არ აქვს." - თქვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს დაფიონმა გამოაქვეყნა წერილი, რომელიც ევროკავშირის ელჩის ოფისიდან საპასუხოდა გამოუგზავნა ზვიად ცეცხლაძეს.

პაპუაშილმა, 22 ოქტომბერს, გამოქვეყნებულ პოსტში ზვიად ცეცხლაძეს ტერორისტი მას შემდეგ უწოდა, რაც ცნობილი გახდა, რომ რეჟიმის პატიმარს წერილი ევროკავშირის ელჩმა გამოუგზავნა.

მოგვიანებით, 25 ოქტომბერს, პაპუაშილმა კიდევ ერთხელ უწოდა ზვიად ცეცხლაძეს ტერორისტი - "იტყოდა ადამიანი, რომ კატასტროფაა, როდესაც ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული მედია ტერორისტს "სინდისის პატიმრად" მოიხსენიებს. თუმცა, როდესაც თავად ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა იმავე ტერორისტთან, ხვდები, რომ ეს არა ერთეული წამოცდენა, არამედ ერთი ხელით ორკესტრირებული პროპაგანდისტული ხაზია, რომლის მიზანი ტერორიზმის გამართლება და ძალადობის ნორმალიზებაა."

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ ზვიად ცეცხლაძეს, 2 სექტემბერს, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ბრალდება გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობას და 2 წელი და 6 თვე პატიმრობა მიუსაჯა. 

კომენტარები