აქციებზე დაკავებულები

8 პირის საქმე: რეჟიმმა სამ ბრალდებულს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხუთს - 2 წლით

აქციების დროს დაკავებული 8 პირის საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოიტანა - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს და ინსაფ ალიევს კი 2 წლით.   

საბოლოო სასჯელს გამოაკლდება ბრალდებულების განაჩენამდე ციხეში ყოფნის პერიდი. 

მჭედლიშვილმა ბრალდების მუხლები გადააკვალიფიცირა და განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის საფუძველზე გამოიტანა - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა.

პროკურატურა სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებოდა - მუხლი 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები