ევროკომისიის ანგარიში საქართველოზე

არ გაგვაჩნია პოლიტიკური მიკერძოება, ვმოქმედებთ უმაღლესი სტანდარტებით - GPB ევროკომისიაზე

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქმედებს დამოუკიდებლად, კანონით დადგენილი მანდატისა და ჟურნალისტური ეთიკის უმაღლესი სტანდარტების დაცვით.

მაუწყებელს არ გააჩნია არც პოლიტიკური მიკერძოება და არც რომელიმე ძალასთან დაკავშირებული ინტერესები – ყველა სარედაქციო გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის პრინციპს.

განსხვავებული მოსაზრებების წარდგენა, ბალანსის დაცვა და მრავალფეროვანი პოზიციების ასახვა არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის საფუძველი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ბრალდებები მიზნად ისახავს მაუწყებლის რეპუტაციის შელახვას და საზოგადოებრივი ნდობის დაზიანებას.

საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ეუთო/ოდირი, თავიანთ ანგარიშებში მიუთითებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ნეიტრალური გაშუქების შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი საქმიანობის ობიექტურობასა და პროფესიონალიზმს.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის ემსახურებოდა და მომავალშიც მოემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს — საზოგადოების ინტერესის დაცვასა და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას.

გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, "საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლობას აკლია დამოუკიდებლობა, აქვს მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა და ხელს უწყობს ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკის პოპულარიზაციას".

"2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მან არაპროპორციულად გამოყო საეთერო დრო – საარჩევნო კამპანიის გაშუქების უმეტესი ნაწილი (61%) ქართულ ოცნებაზე იყო ორიენტირებული. 2025 წლის აპრილში, ქართული ოცნების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი (პოლიტიკოსი) ხელახლა აირჩიეს საბჭოს თავმჯდომარედ სხვა კანდიდატის არყოფნის ფონზე. საბჭოსა და მენეჯმენტის წინააღმდეგ საჩივრები შეიტანეს საზოგადოებრივი ინტერესების უგულებელყოფისა და შეხედულებების მრავალფეროვნების არასახვის გამო – საპროტესტო აქციების გაშუქებაზე უარის თქმით.

რამდენიმე ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული თოქ-შოუს შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გაკრიტიკების შემდეგ" - წერია ანგარიშში.

კომენტარები