ივანიშვილის წარმოამდგენელი, ირაკლი კობახიძე საქართველოზე ევროკომისიის ანგარიშს შანხაიდან გამოეხმაურა.
კობახიძის განცხადებით, დასანანია, როდესაც არის "ასეთი უსამართლობა და ფაქტების ამ დონის დამახინჯება". ივანიშვილის წარმომადგენელის თქმით, ევროკავშირს ორმაგი სტანდარტები აქვს და ეს გაერთიანების რეპუტაციას აზიანებს.
"ძალიან დასანანია, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამ მასშტაბის უსამართლობას და ფაქტების დამახინჯებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ევროპული ბიუროკრატია წარმოადგენს ევროკავშირს და ასეთ დროს საფრთხე ექმნება და ზიანი ადგება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციას, არამედ ევროკავშირის რეპუტაციასაც.
სწორედ ასეთი ქმედებების შედეგია ის, რომ საქართველოში თანდათანობით მცირდება ნდობა, როგორც ევროპული ბიუროკრატიის, ისე, ზოგადად ევროკავშირის მიმართ. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვითარება შეიცვლება ევროკავშირში და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, მომავალში რითაც იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები. თუმცა, დღეს ეს ასე არ არის და ამისი საუკეთესო გამოხატულებაა ის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა.
იგივე, როცა საუბარია რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე, და ამასთან დაკავშირებით უკრაინის მიერ გამოხატულ შფოთვაზე, ჩვენ არ გვახსენდება უკრაინის შეშფოთებული პოზიცია მოლდოვასთან, ან სხვა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, რომელიც ასევე არ მიუერთდა სანქციებს.ეს ყველაფერი ნიშნავს ორმაგ სტანდარტებს, ნიშნავს უსამართლობას, ნიშნავს იმას, რომ სერიოზული პრობლემებია ევროპულ ბიუროკრატიაში". - პრესსამსახურის ცნობით, განაცხადა კობახიძემ.
ივანიშვილის წარმომადგენელი ამბობს, რომ იმედი აქვს 2030 წლამდე "რადიკალურად შეიცვლება" მიდგომა ევროკავშირში.
"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ გვსურს 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და იმედი მაქვს, მანამდე რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა ევროკავშირში. დღეს საბჭოთა სტანდარტების დონემდეა დასული ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობა, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა". - პრესსამსახურის ცნობით, განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე ამბობს, რომ ძალიან რთულია ევროპასთან უერთიერთობებში გარდატეხის მოხდენა, იმ ფონზე, რომ "არ ეშვება კოლექტიური ბიუროკრატია ბრიუსელში იმაზე ფიქრს, რომ რამენაირად დააბრუნონ რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში".
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ "ევროპული ბიუროკრატია ერთხელ და სამუდამოდ აიღებს ხელს კოლექტიური ნაცმოძრაობის მფარველობაზე და ყველანაირ მცდელობაზე, რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნებასთან".
ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებით 2025 წლის EU-ს გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2024 წელს საქართველოს მხრიდან ევროკავშირისკენ მიმავალი გზის საფრთხეში ჩაგდების შემდეგ, ევროინტეგრაციისადმი ერთგულების გამოხატვის ნაცვლად, საქართველომ ბოლო წლის განმავლობაში "კიდევ უფრო გადაუხვია ევროკავშირის გზიდან".





