ევროკომისიის ანგარიში საქართველოზე

პაპუაშვილი: EU-ს ანგარიშში ერთმანეთს ერწყმის სიცრუე, მტრული რიტორიკა, გამიზნული მავნებლობა

ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპაუშვილი საქართველოს შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშსს ბრიფინგით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის "თეთრი ძაფითაა ნაკერი". 

პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში უსამართლო, მიკერძოებული და ანტიდემოკრატიულია. 

"ანგარიშში ორგანულად ერწყმის ერთმანეთს გაცვეთილი პოლიტიკური ბრალდებები, სიცრუე, მტრული რიტორიკა და გამიზნული მავნებლობა.  ესაა ბრიუსელის კაბინეტიდან დანახული საქართველო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალურ საქართველოსთან. ზუსტად ამგვარი, უკვე ტრადიციულად ქცეული სულისკვეთებით არის წარმოდგენილი გაფართოების დღევანდელი ანგარიშიც. საქართველოს მონაკვეთი თეთრი ძაფითაა ნაკერი. ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ქვეყნის პროგრესს გაზომვად პარამეტრებზე დაყრდნობით აფასებს უაღრესად მშრალი და სიტყვაძუნწი ფორმითაა დაწერილი, ხოლო ანგარიშის პოლიტიკური ნაწილი მკვეთრად აგრესიული და უსამართლოა. 

სწორედ ამიტომ, გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, მსგავსი უსამართლო, მიკერძოებული, ანტიდემოკრატიულ, ქვეყნის პოლარიზაციისკენ მიმართული და დესტრუქციული დამოკიდებულების შედეგად, თუკი ვინმეს აქვს უკუსვლა, ეს სწორედ ევროკავშირის დღევანდელი მმართველი ინსტიტუციებია. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ბრიუსელი დიალოგს  გაურბის და ქედმაღლურ ტონს ამჯობინებს. 

წარმოდგენილი ანგარიშით, ბრიუსელი ეთნიკური ეპითეტის გამოყენებით, საქართველოს აბრალეს სიცრუეს, რომ ეწევა რუსულ დეზინფორმაციას, ხოლო დუმს სიმართლეზე - საპარლამენტო არჩევნებში მისი ელჩების ჩარევის შესახებ, NGO-ების და დეზინფორმატორი მედიების პოლიტიკური დღის წესრიგის დაფინანსების შესახებ და ევროკავშირის ფულით ზიზღის და სიძულვილის ენის წახალისებაზე". - განაცხადა პაპუაშვილმა. 

მისივე თქმით, ანაგრიში კიდევ რამდენიმე საკითხთან მიმართებით "ცრუობს", როგორებიცაა, წულუკიანის კომისია და "გამჭვირვალობის" კანონები. 

პაპუაშვილის თქმით, კარგი იქნებოდა დღეს მაინც მოგვესმინა ევროკავშირის მხრიდან 4 ოქტომბრის მოვლენების დაგმობა, "რომლის უკანაც არცთუ უარგუმენტოდ, ძაფები მიდის ბრიუსელთან".

 

ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებით 2025 წლის EU-ს გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2024 წელს საქართველოს მხრიდან ევროკავშირისკენ მიმავალი გზის საფრთხეში ჩაგდების შემდეგ, ევროინტეგრაციისადმი ერთგულების გამოხატვის ნაცვლად, საქართველომ ბოლო წლის განმავლობაში "კიდევ უფრო გადაუხვია ევროკავშირის გზიდან". 

კომენტარები