ვებსაიტ Change.org-ზე წამოწყებული პეტიცია, რომელსაც 1000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობისგან ქართული ოცნების რეჟიმის სანქცირებას მოითხოვს "დემოკრატიაზე თავდასხმის გამო."
პეტიციაში მოქალაქეები გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტროს (FCDO) მოუწოდებენ, რომ ტარგეტირებული სანქციები შემოიღონ ბიძინა ივანიშვილის, პრემიერი ირაკლი კობახიძისა და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც "პასუხისმგებელნი არიან კორუფციაზე, წამებასა და რეპრესიებზე."
ამასთან, პეტიცია მოითხოვს მაგნიტსკის სანქციების რეჟიმის ფარგლებში ბრიტანეთში მათი აქტივების გაყინვასა და მათ წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღებას, ხოლო ოცნების მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახებისთვის უვიზო ელექტრონული სამოგზაურო ავტორიზაციის (ETA) პრივილეგიების შეჩერებას.
მოქალაქეები ასევე მოითხოვენ ყველა პოლიტპატიმრისა და ჟურნალისტის, მათ შორის, მზია ამაღლობელის, გათავისუფლებასაც და მოუწოდებენ ბრიტანეთის მთავრობას, მხარი დაუჭიროს საქართველოში ადამიანის უფლებების, დაკავებულთა პირობებისა და სამომავლო არჩევნების საერთაშორისო მონიტორინგს.
საბოლოოდ, პეტიცია მოითხოვს, რომ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელობით, დაიწყოს საპარლამენტო დებატები საქართველოში არსებული კრიზისისა და ბრიტანეთის საპასუხო ნაბიჯების შესახებ.





