სერბეთი

ნოვი-სადის ტრაგედიის წლისთავზე სერბეთში ათობით ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა

1 ნოემბერს სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში მომხდარი ტრაგედიის წლისთავზე ათობით ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა. ერთი წლის წინ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.

ტრაგედიის არასათანადო და გაჭიანურებული გამოძიებასა და სავარაუდო კორუფციის ფაქტებს  საზოგადოებრივი უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა. პროტესტი უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.

Reuters წერს, რომ საპროტესტო ტალღამ პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის მრავალწლიანი მტკიცე ძალაუფლება შეარყია და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ მოთხოვნები გააჩინა.

ნოვი-სადის ერთ-ერთი მთავარი გამზირი ადამიანებით მთლიანად სავსე იყო.

დემონსტრანტებმა ტრაგედიის 16 მსხვერპლს 16-წუთიანი დუმილით მიაგეს პატივი, ზუსტად იმ დროს, როდესაც 2024 წლის 1 ნოემბერს, სარემონტო სამუშაოების შემდეგ, სადგურის სახურავი ჩამოინგრა.

"ეს არის დიდი ტრაგედია სერბი ხალხისთვის. ჩვენ ვერ დავაბრუნებთ იმ ადამიანებს, მაგრამ შეგვიძლია მათ ოჯახების ტკივილი გავიზიაროთ და ვთქვათ, რომ საკმარისია. ისინი შემთხვევით არ დაღუპულან - მათი სიკვდილი გახდა ცუდი სისტემის, ცუდი პოლიტიკის შედეგი... სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა დამნაშავეები პასუხს აგებენ" - განაცხადა პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, 51 წლის ეკონომისტმა, სლაჯანა ბურმაზმა.

ვუჩიჩმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის სანთლით ხელში ბელგრადის ერთ-ერთ ეკლესიაში მსახურებაზე დგას, რომელიც ტრაგედიის მსხვერპლთა პატივსაცემად გაიმართა.

"დაე დაღუპულთა სახელები იყოს შეხსენება იმისა, რომ ადამიანის სიცოცხლე ნებისმიერ საზოგადოებრივ განხეთქილებაზე უფრო მნიშვნელოვანია" - დაწერა ვუჩიჩმა. მისივე თქმით, მთავრობამ 1 ნოემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

კომენტარები