პოლონეთმა 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქვეყნის MiG-29 ტიპის ავიაგამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე მიმდინარე კვირაში მესამედ გადაუჭრეს გზა რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს.
პოლონეთის არმიის ოპერატიული სარდლობის თქმით, Il-20-ის ტიპის რუსულ თვითმფრინავს პოლონეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია, თუმცა წინა ინციდენტების მსგავსად, მას არ ჰქონდა წარმოდგენილი ფრენის გეგმა და მას გამორთული ჰქონდა ტრანსპონდერები.
"ეს უკვე მესამე მსგავსი შემთხვევაა ამ კვირაში, რაც ადასტურებს ბალტიის რეგიონში რუსული ავიაციის მზარდ აქტივობას," განაცხადა პოლონეთის არმიამ.
ცნობისთვის, პოლონურმა გამანადგურებლებმა რუსულ თვითმფრინავს გზა 29 ოქტომბერსაც გადაუჭრეს, რომელიც ასევე ბალტიის ზღვის თავზე გათიშული ტრანსპონდერით დაფრინავდა.
ევროპული სახელმწიფოები განსაკუთრებული სიფრთხილით აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს მას შემდეგ, რაც 19 სექტემბერს სამი MiG-31 ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქვეყნის ტერიტორიაზე ჯამში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. ეს წელს რუსეთის მხრიდან ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მეოთხე შემთხვევა იყო.





