ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, რომ მომავალ წელს შეერთებულ შტატებში შეშვებული ლტოლვილების რაოდენობა მკვეთრად - 7 500 ადამიანამდე, შეამციროს. მათი უმრავლესობა თეთრკანიანი სამხრეთაფრიკელი იქნება.
ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება 30 ოქტომბერს ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებული შეტყობინებით გაასაჯაროვა.
რიცხვის შემცირების კონკრეტული მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს რადიკალურად ჩამორჩება ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შარშან დაწესებულ ზღვარს - 125 000 ლტოლვილს. მთავრობის მემორანდუმში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ 2026 წელს 7 500 ლტოლვილის მიღება “გამართლებულია ჰუმანიტარული მოსაზრებებით და ემსახურება ეროვნულ ინტერესს.“
განცხადებას მალევე მკაცრი კრიტიკა მოჰყვა ლტოლვილთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მხრიდან. International Refugee Assistance Project-მა აღნიშნა: “ეს გადაწყვეტილება მტკივნეულად ცხადყოფს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ადამიანთა დაცვისკენ არ არის მიმართული”.
American Immigration Council-ის უფროსმა ექსპერტმა აარონ რაიხლინ-მელნიკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა: "მას შემდეგ, რაც აშშ-ს ლტოლვილთა პროგრამა 1980 წელს შეიქმნა, მან ორ მილიონზე მეტი ადამიანი მიიღო, რომლებიც ეთნიკურ წმენდასა და სხვა საშინელებებს გაექცნენ. ახლა ის თეთრკანიანთა მიგრაციის გზად იქცევა. ეს დიდი დაღმასვლაა ამერიკის ჰუმანიტარული მისიისთვის."
ტრამპის ადმინისტრაციის თქმით, სამხრეთ აფრიკის მთავრობა საკუთარი ქვეყნის თეთრკანიან მოსახლეობას ავიწროვებს და ახალი კანონებით ცდილობს მათ საკუთრებაში მყოფი მიწების ჩამორთმევას. შესაბამისად, ამით აიხსნება მომავალ წელს სამხრეთ აფრიკელები თეთრკანიანების მიგრანტებად მიღება.





