ბელა მეი ქალის საქმე

ნარკოტიკების შემოტანისთვის დაკავებული ბელა ქალის ოჯახმა გარიგების სახით ₾500 000 გადაიხადა

ბელა მეი ქალი

ბრიტანეთის მოქალაქის, ბელა მეი ქალის ოჯახმა საპროცესო შეთანხმების სახით 500 000 ლარი გადაიხადა. ინფორმაციას Reuters-ი და BBC ავრცელებენ. ჟურნალისტებს ბელა ქალის დედა ესაუბრა. ბრიტანელი გოგო მაისში საქართველოში 14 კგ ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

ბელა ქალის დედამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს უთხრა, რომ, სასამართლო შეთანხმების შესაბამისად, 500 000 ლარი გადაიხადეს და თანხის სამთავრობო ანგარიშზე ასახვას ელოდებიან. ქალიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კი მან აღნიშნა, რომ შვილი, რომელიც ორსულადაა, "ძლიერად გამოიყურება".

როგორც ბრიტანული მედიები წერენ, სასამართლო გარიგების შესაბამისად, ბელა ქალის სასჯელი 500 000 ლარის სანაცვლოდ 2-წლიან პატიმრობამდე შემცირდება. ორსულ ახალგაზრდა გოგოს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

BBC ხაზს უსვამს, რომ ბელა მეი ქალი ორსულობის 35-ე კვირაშია.

ბელა ქალის ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ თქვა, რომ საბოლო საპროცესო მოსმენას სასამართლო ორშაბათს, 3 ნოემბერს გამართავს. მისივე თქმით, ბელა ქალიმ ბრალი აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.

"მან ბრალი აღიარა, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლო შეთანხმება ეს ესაა მიღწეულ იქნა. ჩვენ გვსურს მოსამართლეს გირაოს მეშვეობით გათავისუფლება ვთხოვოთ, მისი ორსულობის გათვალისწინებით." - ციტირებს სალაყაიას Daily Mail-ი.

მანამ სანამ 19 წლის ბელა ქალი საქართველოში ჩამოვიდოდა, ის ტაილანდში გაუჩინარდა. მისი დაკავების შესახებ ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 მაისს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ბრიტანელი გოგოს ბარგიდან "განსაკუთრებით დიდი ოდენობით 12 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და 2.068 კგ ნარკოტიკული საშუალება ჰაშიში ნივთმტკიცებად ამოიღეს".

აქამდე ბელა ქალი ბრალს არ აღიარებდა და ირწმუნებოდა, რომ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა წამებით აიძულეს. მისივე მტკიცებით, თავად ნარკოტიკებს არ მოიხმარდა. გასულ თვეებში ქალის ადვოკატმა, მალხაზ სალაყაია ასევე ირწმუნებოდა, რომ ბელამ არ იცოდა, თუ რა იდო მის ჩანთაში. მისივე ინფორმაციით, ბრიტანელ გოგოს ტვირთის შემოტანა საქართველოში კრიმინალურმა დაჯგუფებამ აიძულა და მათ ამისთვის გახურებული ლითონი გამოიყენეს. სასამართლოს სხდომათა დარბაზში ქალიმ მოსამართლეს ნაიარევიც აჩვენა, რაც, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის წინააღმდეგ წამების ფაქტს ადასტურებდა.

კომენტარები