ბელა მეი ქალის საქმე

დაკავებული ბელა მეი ქალი ამბობს, რომ საქართველოში ნარკოტიკების შემოტანა "წამებით აიძულეს"

ბელა მეი ქალი

ბრიტანეთის მოქალაქე, ბელა მეი ქალი, რომელიც მაისში საქართველოში 14 კგ ნარკოტიკული საშუალების შემოტანისთვის ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, აცხადებს, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანა მას "წამების ქვეშ აიძულეს". 

"მე ამის გაკეთება არ მინდოდა. ამის გაკეთება წამებით მაიძულეს." - განაცხადა ბელა მეი ქალიმ სასამართლოს დარბაზში. 

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ქალიმ დაამატა, რომ მას მხოლოდ "მოგზაურობა" სურდა: "მე მხოლოდ მოგზაურობას ვაპირებდი, მოსიყვარულე ადამიანი ვარ, ვსწავლობ უნივერსიტეტში, სტუდენტი ვარ, დავეუფლე მედდის პროფესიას."

მისი ადვოკატის, მალხაზ სალაყაიას თქმით, ბრალდებულს კრიმინალურმა დაჯგუფებამ საქართველოში ნარკოტიკებით დატვირთული ჩემოდნის ჩამოტანა აიძულა. 

სალაყაიას მიხედვით, ბელას გახურებული რკინით დაემუქრნენ. სასამართლოს სხდომათა დარბაზში ქალიმ მოსამართლეს ნაიარევიც აჩვენა, რაც, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის წინააღმდეგ წამების ფაქტს ადასტურებს. 

ამასთან, ადვოკატი სალაყაია ირწმუნება, რომ ბელამ არ იცოდა, თუ რა იყო მის ჩემოდანში. მისი თქმით, ბრალდებულმა ტაილანდში საბაჟოს თანამშრომლების გაფრთხილება სცადა, თუმცა მისი მცდელობა "ყურად არავის მიუღია". 

სალაყაიამ ასევე თქვა, რომ ბელა მეი ქალიმ არ იცოდა, სად აგზავნიდნენ და რომ მან "დღესაც არ იცის, სად იმყოფება."

ამასთანავე, ადვოკატის თქმით, ბელას ოჯახი მზადაა, გირაოს საფასური - 50 000 ლარი - გადაიხადოს, თუმცა მოსამართლე ლელა კალიჩენკომა ბელა მეი ქალი პატიმრობაში მომდევნო სხდომამდე დატოვა, რომელიც 10 ივლისსაა ჩანიშნული. 

ადვოკატმა სალაყაიამ სხდომაში დარბაზში ისიც განაცხადა, რომ ბელა მეი ქალი 18 კვირის ორსულია. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ ბელა მეი ქალის მამა, მამიდა და ბაბუაც.

ცნობისთვის, 13 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, "სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, მის სამგზავრო ჩანთაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 12 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და 2.068 კგ ნარკოტიკული საშუალება ჰაშიში ნივთმტკიცებად ამოიღეს".

კომენტარები