რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 27 ოქტომბერს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთსა და აშშ-ს შორის პლუტონიუმის მართვისა და განადგურების შეთანხმებას აუქმებს. შეთანხმებასთან ერთად დოკუმენტის შესაბამისი ყველა პროტოკოლიც უქმდება.
პლუტონიუმის მართვისა და განადგურების შეთანხმება (PMDA), რომელიც 2000 წელს გაფორმდა, თითოეულ მხარეს ავალდებულებდა, გაენადგურებინათ სულ მცირე 34 ტონა სამხედრო დანიშნულების პლუტონიუმი.
შეთანხმების რატიფიცირება 2011 წელს მოხდა, მისი აღსრულება კი 2018 წელს უნდა დაწყებულიყო. აშშ-ს მაღალჩინოსნების მიხედვით, შეთანხმების ფარგლებში დაახლოებით 17 000 ბირთვული რაკეტის საწარმოოდ საჭირო რაოდენობის პლუტონიუმი განადგურდებოდა.
2016 წლის 31 ოქტომბერს პუტინმა შეთანხმების მოქმედება შეაჩერა, ახლანდელი კანონით კი შეთანხმება ოფიციალურად გაუქმდა.
ამავე წელს რუსეთმა შეთანხმების განსაახლებლად რიგი მოთხოვნები წარადგინა, რომლებიც მოიცავდა იმ დროისთვის რუსეთისთვის დაწესებული ყველა სანქციის გაუქმებას, შემზღუდავი ზომების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებასა და NATO-ში 2000 წლის 1 სექტემბრის შემდეგ გაწევრიანებულ ქვეყნებში აშშ-ს სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სამხედრო დანაყოფების შემცირებას იმ დონემდე, რომელიც შეთანხმების გაფორმებისას იყო. აშშ-მ რუსეთის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
მანამდე, 8 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ არსებული გარემოებების გათვალისწინებით, რუსეთი აშშ-სთან პლუტონიუმის მართვისა და განადგურების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შენარჩუნებას მიუღებლად მიიჩნევს.
“ამ სიტუაციაში, შეთანხმების ფარგლებში აშშ-სთან თანამშრომლობის შეწყვეტა ყველაზე ბუნებრივი ნაბიჯია. პლუტონიუმთან დაკავშირებული შემდგომი ვალდებულებების შენარჩუნება, მიუღებელია და არამიზანშეწონილია ნებისმიერი თვალსაზრისით.” - განმარტა რიაბკოვმა.
რიაბკოვმა ასევე განაცხადა, რომ ამის მიზეზები იყო გარემოებების ფუნდამენტური ცვლილება, აშშ-ს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება, უკრაინის მხარდამჭერი კანონის მიღება, რაც რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევის საშუალებას იძლევა, NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოება და აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ს სამხედრო მზადყოფნის გაძლიერება.





