პოლონელი ევროპარლამენტარის, კშიშტოფ ბრეიზას თქმით, გასაკვირი არ არის, რომ ქართული ოცნების დელეგაცია ერევანში, ევრონესტზე არ გამოცხადდა.
"ქართული ოცნების დელეგაცია ერევანში ევრონესტზე არ გამოცხადდა. გასაკვირი არ არის. როდესაც თქვენი 2024 წლის "არჩევნები" გაყალბებულია და თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა.
ისინი ჩვენ "მტრულებს" გვეძახიან იმის გამო, რომ ქართველ ხალხს გვერდით ვდგავართ. სინამდვილეში, სწორედ დემოკრატიისა და ევროპის მიმართ მათივე მტრობაა ის, რაც მათ იზოლაციაში აყენებს. მე ერევანში ვარ, რათა წარმოვადგინო ის ღირებულებები, რომლის მიმართ რწმენაც საქართველოს მოქალაქეებს დღემდე აქვთ – თავისუფლება, სიმართლე და ევროპული მომავალი". - წერს ბრეიზა.
მანამდე, ივანიშვილის წარმომადგენელმა, ლევან მახაშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილი გაუგზავნა, სადაც განმარტავს, რატომ არ მიიღო საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობა.
წერილში ნათქვმია, რომ ქართული ოცნება "შეშფოთებულია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ისევე, როგორც მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით, რომელთა მტრული რიტორიკა და ნაბიჯები ეწინააღმდეგება პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს".





