რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკის თქმით, უკრაინა Gripen-ის ტიპის პირველ ავიაგამანადგურებლებს 2026 წელს მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, 2024 წლის 7 ივნისი
Julien de Rosa/Pool via AP, File

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ შვედეთსა და უკრაინას შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა Gripen-ის ტიპის 150 ავიაგამანადგურებლის მიღებას მოელის, რომელთა პირველი ნაწილიც უკრაინაში 2026 წელსვე გამოჩნდება. 

"შვედეთთან ერთად უკრაინა მნიშვნელოვნად გაზრდის საბრძოლო ავიაციის რიცხვებს. ეს არის ამბიციური ამოცანა და აუცილებლად უნდა შესრულდეს," დაწერა ზელენსკიმ X-ზე და დაამატა, რომ შვედეთთან Gripen-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე დადებული შეთანხმება "კარგი არჩევანია".

"ჩვენ უკრაინისთვის 150 ასეთ თვითმფრინავს მოველით და პირველების უკრაინაში ჩამოყვანა მომდევნო წელს იგეგმება," დაამატა მან. 

ზელენსკის თქმით, Gripen-ები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიის შემადგენელი ნაწილია, რითაც უკრაინის საჰაერო ძალებს ქვეყნის საჰაერო სივრცის სრულად დაცვა შეეძლება.

"ეს ისტორიული მიღწევაა, ჩვენ ამის სრულად სისრულეში მოყვანაზე ვმუშაობთ." - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა და შვედეთს მადლობა გადაუხადა. 

კომენტარები