სახალხო დამცველმა ბოლო დღეებში საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეები მოინახულა.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, დაკავებულების მიმართ, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე შესაბამის ორგანოებს მიმართეს.
"საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორებში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული 32 პირი მოინახულეს.
დაკავებული პირებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ მიღებულ თითოეულ შემთხვევაზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სახალხო დამცველმა შესაბამის ორგანოებს მიმართა.
სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს დაკავებულების მონახულების პროცესს და საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია." - ნათქვამია განცხადებაში.





