საპროტესტო აქციებზე დაკავებულები

დაკავების მოტივი იყო ჩემი აქტივობა სოციალურ ქსელებში და ფიზიკურად – ახობაძე

აქციების დროს დაკავებულმა ექიმმა, გიორგი ახობაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი დაპატიმრების შესახებ ჩვენება მისცა და დაასახელა ის სამართალდამცველები, რომლებმაც, ახობაძის თქმით, მონაწილეობა მიიღეს მისთვის ჯიბეში ნარკოტიკული საშუალების ჩადებაში.

"ხელები გადამიგრიხეს ზურგსუკან და პატრულის მანქანის კაპოტზე სახით ქვემოთ დამაგდეს. მოვმართე ტანი, რომ ნაკლები დაზიანება მიმეღო. ვიგრძენი, რომ უკანა ჯიბეზე მეხებოდნენ და დავიწყე ლაპარაკი, ჯიბეში არაფერი ჩამიდოთ-მეთქი, უკანა მარცხენა ჯიბეზეა საუბარი. ჯინსი მეცვა და ვგრძნობ წინა მარცხენა ჯიბეში ხელის ჩაცურებას და ამოღებას. 

რა ჩამიდეთ, ხელი რატომ ჩამიყავით-მეთქი.

ჩემ ზურგს უკან იდგა, ვინც ეს გააკეთა და ვერ ვაკონტროლებდი, ვინ იყო. პირველი ფიზიკური კონტაქტი გურეშიძესთან მქონდა და შეიძლება ისიც ყოფილიყო.
მასაში იოლად გამოარჩევ გურეშიძეს, დამახასიათებელი გარეგნობა აქვს. ჩემგან აღქმული იყო, რომ ის იყო ოპერაციის ხელმძღვანელი, კარგად დამამახსოვრდა.

რაც მივედით კრიმინალური პოლიციის შენობაში, რამდენჯერმე სიგარეტის მოსაწევად გამიყვანეს. ერთ კარზე სამმართველოს უფროსი ეწერა, ღია კარში იჯდა თვითონ გურეშიძე, ტახტზე ისხდნენ სხვები და კარგ ხასიათზე იყვნენ. მე დავიმახსოვრე. ფოტოებიდან ამოვიცანი და სასამართლოზე საჯაროდ განვაცხადე. მანამდე ვიცოდი თანამდებობა, სახე და სად მუშაობდა". - თქვა ახობაძემ გამოცემა ნეტგაზეთის ცნობით.

ახობაძის მტკიცებით, მისი დაკავების მოტივი აქციების მიმდინარეობის დროს სოციალურ ქსელებში ხშირი აქტივობა და პროტესტში აქტიური მონაწილეობა გახდა.

"მოტივი ამ ყველაფრის იყო ჩემი აქტივობა სოციალურ ქსელებში და ფიზიკურად. როგორც კი რაც ადამიანების მტვრევა, მოტაცება და წამება დაიწყეს, რაღაც მომენტში შეუძლებელი გახდა ჩემთვის სახლში გაჩერება. ვეღარ გავძელი იმ რისკების მიუხედავად, რაც მანამდე მაკავებდა. ქუჩაში გამოსვლიდან მეორე დღეს გააკეთეს ის, რასაც მანამდე ვიდეოებში ვწინასწარმეტყველებდი.

შეგიძლიათ ნახოთ ტიკტოკზე შემოსული ხალხი წერდა, რომ მე ამ ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ვარ. სარკასტულად და უხეშად ვპასუხობდი, დედაშენს ამოაქვს ჭიპით-მეთქი. ერთი წერდა, შეხედე რა კაიფშიაო, მეორე ეუბნებოდა, ჰო, მაგრამ სიმართლეს ამბობსო. ასეთი იყო ძალიან მრავალი. თხზავდნენ ლეგენდას.

ნათია ბერიძე [POSTV-ს ჟურნალისტი] მეტადონშიკს მეძახდა. თვეების მანძილზე გრძელდებოდა ეს და ჩემი ეჭვიც ამას ემყარებოდა, რომ ნარკოტიკს ჩამიდებდნენ. მათ ეფექტურობას ჩემი რჩევებით ვამცირებდი. მეთოდები მქონდა შემუშავებული, როგორ დაგვეცვა თავი აქციებზე. როგორც მშვიდობიანი მოქალაქე ამ მხრივ ვცდილობდი დახმარებას. დასამალი მე არაფერი მაქვს. ყველაფერს ხმამაღლა ვსაუბრობ, იმიტომ, რომ კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და თუ რამეს ვაშავებ, არც პასუხისმგებლობის აღება მიჭირს". - თქვა ახობაძემ.

გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს საპროტესტო აქციიდან სახლში მიმავალი პოლიციამ დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები