იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს სატელეფონო ზარები, პაემნები და მიმოწერა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, 9 დეკემბრამდე შეეზღუდათ.
პატიმრებისთვის სატელეფონო ზარების, პაემნებისა და მიმოწერის შეზღუდვის შესახებ ბურჭულაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ისაუბრა და განმარტა, რომ ეს არის ადამიანის გამწარების და ფსიქოლოგიური ტკივილის მიყენების ერთ-ერთი გზა.
"აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, უბრალოდ, იგი წერილობითი სახით ჩვენ არ გადმოგვცემია და შესაბამისად, მისი შინაარსიც ზუსტად არ ვიცით. მე დარწმუნებული ვარ, იგი იქნება იგივე შინაარსის, რა შინაარსისაც იყო იგივე ხასიათის დადგენილები პოლიტიკურ პატიმრებზე, მათ შორის, დაწყებული სააკაშვილით დამთავრებული ხაბეიშვილით. ეს ნიშნავს, რომ 71 წლის მსოფლიო დონის მომღერალს წაართვეს უბრალოდ შვილებთან და შვილიშვილებთან კომუნიკაციის საშუალება და ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზანს. პაატა ბურჭულაძე რომ კრიმინალებს არ ხვდება და კრიმინალურ ორგანიზაციას არ მართავს ციხიდან, მემგონი, ეჭვს ეს არავისთვის არ იწვევს თუ სულელი არ არის უბრალოდ. შესაბამისად ეს არის ადამიანის გამწარების, ადამიანისთვის სულიერი და ფსიქოლოგიური ტკივილის მიყენების ერთ-ერთი გზა". - თქვა შოთა თუთბერიძემ ტვ პირველის ეთერში.
4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".
ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.
მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა.
მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი.
ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ , ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.
რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო დღეებში აიყვანეს აქციის მონაწილეებიც. ივანიშვილის პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ დაკავებულთა რიცხვი "მნიშვნელოვნად გაიზრდება".





