გაერთიანებული სამეფოს ცნობით, სამეფო საჰაერო ძალების ორი სადამკვირვებლო თვითმფრინავი ამერიკისა და NATO-ს საჰაერო ძალებთან ერთად 12-საათიანი მისიით NATO-ს აღმოსავლეთ საზღვარზე პატრულირებისთვის გაიგზავნა.
გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა, რომ მისია პასუხია რუსეთის მხრიდან NATO-ს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე.
თვითმფრინავებმა დაახლოებით 10 000 მილის ტერიტორია დაფარეს. პატრულირება შორეული ჩრდილოეთიდან დაიწყეს და ბელარუს-უკრაინის გავლით რუსეთის საზღვარზე გააგრძელეს.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ თქვა, რომ "ეს მნიშვნელოვანი ერთობლივი მისია იყო აშშ-სა და NATO-ს მოკავშირეებთან ერთად."
"მისია არამხოლოდ ფასეულ სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მათი ოპერატიული ინფორმირებულობის გასაუმჯობესებლად, არამედ [რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ] პუტინსა და NATO-ს მოწინააღმდეგეებს ალიანსის ერთიანობას ანახებს." - დაამატა ჰილიმ.
ცნობისთვის, 19 სექტემბერს სამი MiG-31 ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქვეყნის ტერიტორიაზე ჯამში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რაც წელს რუსეთის მხრიდან ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მეოთხე შემთხვევა იყო.
მანამდე, 10 სექტემბერს, პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს, რის პასუხადაც პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რუსული დრონების ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.
აღსანიშნავია, რომ 23 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ NATO-ს ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ ის რუსული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც ალიანსის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ "დიახ, ასე ვფიქრობ".
25 სექტემბერს საფრანგეთში რუსეთის ელჩი, ალექსეი მეშკოვი ომით დაიმუქრა, თუ NATO საკუთარ საჰაერო სივრცეში რუსულ თვითმფრინავს ჩამოაგდებს.





