4 ოქტომბერი

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულია უკრაინაში მებრძოლი ქართველი ავთანდილ სურმანიძე

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი უკრაინაში მებრძოლი ქართველი ავთანდილ სურმანიძეა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ 10 ოქტომბერს დილით გაავრცელა.

სურმანიძე ბათუმში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივის წევრია.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ხათუნა ბერიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სურმანიძე ბათუმში, თავის სახლში 10 ოქტომბრის შუაღამით დააკავეს. ბერიძის ინფორმაციით, სურმანიძე 4 ოქტომბრის საღამოს ათონელის ქუჩაზე იმყოფებოდა, თუმცა, მისი თქმით, არავითარ ძალადობაში არ მონაწილეობდა.

"ავთანდილი უკრაინაში იბრძვის დაახლოებით ომის დაწყების დღიდან, ის ფეხშია დაჭრილი და ხუთამდე ოპერაცია აქვს გაკეთებული უკრაინაში, იქ მკურნალობს ხოლმე. ბათუმში ჩამოსული იყო ოჯახის მოსანახულებლად და დასასვენებლად. 4 ოქტომბერს აქციაზე იმყოფებოდა, მაგრამ არავითარ შევარდნაში არ მონაწილეობდა. უკრაინაში დაბრუნებას აპირებდა მალევე.

საქართველოში გამოცხადდა მათზე [უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე] ნადირობა, რომ დიდი ხნით გაუშვან ციხეში, ასე იძიებენ შურს". - უთხრა ბერიძემ რადიო თავისუფლებას.

ცნობისთვის, 2024 წლის 27 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) "ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე" მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკრაინაში მებრძოლები და მათ შორის, ავთანდილ სურმანიძე გამოკითხა. სურმანიძე მაშინ ამბობდა, რომ მას ბევრი "აბსურდული და ირონიული" კითხვა დაუსვეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაშინ ამბობდა, რომ მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, ამჟამად, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ჯამში 46 პირია დაკავებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".

ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.

მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა. 

მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი. 

ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ , ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.

რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო დღეებში აიყვანეს აქციის მონაწილეებიც. ივანიშვილის პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ დაკავებულთა რიცხვი "მნიშვნელოვნად გაიზრდება".

კომენტარები