რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვებით უკმაყოფილოა. აქამდე დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაგზავნაზე გადაწყვეტილება "თითქმის" მიიღო, მაგრამ ჯერ სურს გაარკვიოს, სად გამოიყენებენ ამ იარაღს.
მედვედევმა ტრამპის სიტყვებს "ყრანტალი" უწოდა და ირონიული კომენტარი გააკეთა მის სურვილზე, გაარკვიოს რა სამიზნეებზე გამოიყენებენ უკრაინელები რაკეტებს. მან ასევე სატირულად ახსენა ნობელის პრემია, რომელზეც ცნობილია, რომ ტრამპს მისი მიღება მშვიდობის დარგში სურს.
"ტრამპმა ნობელამდე მისასვლელად ბაიდენის გზა აირჩია. ბანდერელებისთვის "ტომაჰავკების" მიწოდების შეკითხვაზე პირდაპირი მნიშვნელობით ეს წამოაყრანტალა: "გადავწყვიტე მიწოდება, მაგრამ ჯერ მინდა გავარკვიო, რას გააკეთებენ მათი მეშვეობით(!)". გასაგებია, რომ მათი მეშვეობით დაარტყამენ პარიზს, ბერლინს, ვარშავას. აშშ-ს პრეზიდენტისთვისაც კი ცხადი უნდა იყოს ეს..." - დაწერა მედვედევმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე.
გასულ დღეებში აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას განიხილავს.
მანამდე, 27 სექტემბერს, WSJ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ტრამპს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სთხოვა, რომელთა მოქმედების რადიუსი 2 400 კილომეტრს აღემატება.
ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 სექტემბერს Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში რუსეთი "ქაღალდის ვეფხვს" შეადარა და დაწერა, რომ უკრაინას რუსეთისგან მთელი ტერიტორიის უკან დაბრუნება შეუძლია.
უკრაინისთვის Tomahawk-ების მიწოდებაზე მიმდინარე დისკუსიების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 5 ოქტომბერს ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში "პოზიტიური" ტრენდები განადგურდება, თუკი ვაშინგტონი უკრაინას Tomahawk-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტებს გაუგზავნის.
"შორი რადიუსის სარაკეტო სისტემების, მათ შორის, Tomahawk-ების, უკრაინისთვის მიწოდება გამოიწვევს რუსეთსა და აშშ-ს შორის აღმოცენებადი პოზიტიური ტრენდების განადგურებას," განუცხადა პუტინმა რუს პროპაგანდისტს, პაველ ზარუბინს.





